05:16 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1195)
108 0 0

საგადასახადო შეღავათები საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში. 

ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და იმ კომპანიების წახალისებას, რომლებიც გააგრძელებენ ხელფასის გადახდას თანამშრომლებისთვის.

საგადასახადო შეღავათები საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. 

ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს გადასახადის ყველა გადამხდელი. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან კერძო სექტორში დასაქმებულები, რომელთა ხელფასიც 1,5 ათას ლარამდეა. ამასთან, არ დაიბეგრება 750 ლარის ოდენობის თანხა, ანუ, მაგალითად, 1000 ლარის ოდენობის ხელფასის პირობებში საშემოსავლო გადასახადი გამოითვლება მხოლოდ 250 ლარიდან და არა მთლიანი თანხიდან.

იმისათვის, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს, დამსაქმებელმა ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.

მაჭავარიანის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები კომპანიებს ავალდებულებს შესაბამის უწყებებს სწორი ინფორმაცია წარუდგინონ.

„საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და, მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარის დახმარება ოფიციალურად დასაქმებულებზე, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში „საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილი, თვითდასაქმებული, სოციალურად დაუცველი და შშმ პირები. კომპენსაციის ოდენობა კონკრეტულ კატეგორიაზეა დამოკიდებული.

ანტიკრიზისული გეგმის გამოცხადებამდე საქართველოს მთავრობამ დახმარება მეწარმეების ნაწილს უკვე აღმოუჩინა. ტურისტული ბიზნესის 4,5 ათასი წარმომადგენელი 1 ნოემბრამდე გათავისუფლდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთის ხარჯის 80 პროცენტს დაუფინანსებს. ამასთან, 38 ათას ავტოიმპორტიორს საბაჟო გადასახადი გადაუვადდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1195)

მთავარი თემები