თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აწვდის გამოუყენებელ ახალ ბანკნოტებს, რომლებიც მიმოქცევაში ბრუნვიდან ამოღებული კუპიურების ნაცვლად ხვდება.
21 მარტიდან საკასო ცენტრში შემოსული ფულადი ნიშნები, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 14-დღიან კარანტინში თავსდება. რაც შეეხება ნაღდ ფულს, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ეპიდემოილოგები გვირჩევენ ცხელი უთოს ან სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას.
„კვლევები ადასტურებს, რომ კუპიურა ინფექციის ისეთივე წყარო შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი: პოლიეთილენის პარკი, კარის სახელური, ბანკომატის კლავიატურა, საყიდლების ურიკა მაღაზიაში და ა.შ. ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ პროფესიონალთა რეკომენდაციები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ გადახდის უკონტაქტო და დისტანციური საშუალებები“, - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
თავის Facebook-გვერდზე ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საცავში მომუშავე თანამშრომლების ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ბრუნვაში ნამყოფი კუპიურები ორკვირიან კარანტინში თავსდება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მუდმივ კონსულტაციებს გადის ევროპის ცენტრალურ ბანკებთან და იზიარებს მათ გამოცდილებას ფულთან დაკავშირებულ კარანტინზე.
10 აპრილის საღამოსთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც სამი ლეტალურად დასრულდა. 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა.