თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი გეგმის თანახმად, ბიზნესი პოსტკრიზისულ პერიოდში განვითარებისთვის 2 მილიარდი ლარის ოდენობით სესხს მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოს ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთავრობამ იმთავითვე მიიღო ზომები, მათ შორის, გადასახადების გადასარჩენად და იმპორტის ჩანაცვლების სისტემის გასავითარებლად, მაგრამ, როგორც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღიარა, ეს ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა და უკვე ნათელია, რომ ზოგიერთი სფერო სწრაფად აღდგენას ვერ შეძლებს.
პრემიერის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზი უკვე 14 მილიარდი ლარიდან 11 მილიარდამდე შემცირდა. ასეთი პროგნოზებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადახედა ბიუჯეტის ხარჯს და შეამცირა ან გააუქმა ზოგიერთი პროექტის დაფინანსება.
ამავდროულად, ზოგიერთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე მზადაა, თანხა გაიღოს.
მთავრობის ახალი გეგმა
ახალი გეგმის თანახმად, რომელიც პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა, კრიზისის დასრულების შემდეგ ბიზნესს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენენ.
„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავება პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში“, - განაცხადა გახარიამ.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მზადაა, გამოყოს თანხა კრედიტებისთვის, ადრე საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც განაცხადა.
ეროვნული ბანკის გეგმის მიხედვით, კომერციულ ბანკებს უკვე გაუუქმეს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი და არა-ჰეჯირებული საკრედიტო რისკების ბუფერი, რაც გამოათავისუფლებს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს, რომელიც ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დაკრედიტების შესაძლებლობას შექმნის.
ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას გამართავს სხვადასხვა ბიზნესსექტორთან, რათა შემოთავაზებული მექანიზმები მათკენ იყოს ორიენტირებული.
„ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან, რათა შემუშავდეს ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევას პასუხობს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, საგარანტიო მექანიზმი მთლიანაობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ორმილიარდიანი საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის, შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტით სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უკვე განაცხადა, რომ საკრედიტო გარანტიების ნაწილი სოფლის მეურნეობას შეეხება.
„ჩვენ გვექნება დარგობრივი პროგრამები, რომლებსაც ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ. მთავრობა 24–საათიან რეჟიმში მუშაობს, ყოველდღიურად განვიხილავთ, მათ შორის, სხვადასხვა წინადადებენს, როგორ უნდა დავასტიმულიროთ ბიზნესი, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 155-ს მიაღწია. მათგან 27 გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი - კომენდანტის საათი.