თურნავა: მთავრობა ფასების ზრდას ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაშიც დააზღვევს

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მთავრობა ვალუტის კურსთა შორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე, როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტების მიმართ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.  

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრებოდა და ფასები გაიზრდებოდა. შესაბამისად, მთავრობამ პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოყო. პროგრამის მიზანი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებაა. ასეთია ცხრა სახეობის პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

„ჩვენ ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, იმიტომ რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით. იმის მიუხედავად, რომ ლარის კურსი გაუფასურდა, მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ საკვებ პროდუქტებზე. შემდეგი ნაბიჯია უკვე იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით... ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს. ეს პროცესი არ უნდა შეფერხდეს“, – განაცხადა თურნავამ.

გუშინ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდი ლარის გამოყოფაზე გააკეთა განცხადება. პრემიერის თქმით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხის გამოყოფა იმიტომ გახდა საჭირო, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო თითოეულმა მოქალაქემ პირდაპირი ეკონომიკური ზიანი მიიღო.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0