თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტში მუშაობა კვლავ შეჩერებულია – 150-ზე მეტი მეშახტე უარს აცხადებს შახტში ჩასვლაზე, სანამ კომპანია „საქნახშირი“ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მეშახტეების ერთ-ერთმა ლიდერმა გაგა ისაკაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიას მეშახტეებისთვის თებერვლის გაფიცვის დღეების ფული არ ჩაურიცხია და მათ არასრული ხელფასი მიიღეს.
„რაც შეეხება ჩვენს ადრინდელ მოთხოვნებს მუშაობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების შესახებ, დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია და კომპანია ვალდებულია ყველა მოთხოვნა შეასრულოს. დღეს, საღამოს უნდა გაირკვეს, გადაგვიხდიან თუ არა ხელფასს სრულად“, – განაცხადა ისაკაძემ.
მეშახტეები დილით ძიძიგურის შახტთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.
გაფიცულებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე შეხვდა. მან მეშახტეები დაარწმუნა, რომ საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.
გაფიცულები საღამოს კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდებიან, რათა შემდგომი მოქმედებები შეათანხმონ.
მეშახტეები და კომპანიის წარმომადგენლები თებერვალში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ მეშახტეები ძიძიგურის შახტში შესასვლელის დაკეტვას აპროტესტებდნენ და უარს ამბობდნენ მიწის ქვეშ მინდელის შახტიდან ჩასვლაზე. მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.