20:41 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (84)
30 0 0

400-კილოვოლტიანი ხაზი სომხეთს ირანთან 2021 წელს, ხოლო საქართველოსთან - 2024-2025 წლებში დააკავშირებს. ქვეყნები ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობას შეძლებენ

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. სომხეთ-საქართველოს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის საპროექტო დოკუმენტები ორ-სამ თვეში იქნება მზად, განუცხადა „Sputnik-სომხეთს“ სომხეთის ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ აკოპ ვარდანიანმა.

ამჟამად სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტროგაცვლის სიმძლავრეები შეზღუდულია: ერთი 220 კილოვოლტიანი ხაზი და ორი - თითო 110 კილოვოლტი. ახლა კი სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება. ასეთივე სიმძლავრის ხაზს სომხეთში ირანელები აშენებენ. მისი ამოქმედება 2021 წელს იგეგმება. როდესაც ეს ორი ხაზი ამუშავდება, ირანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის ენერგოსისტემები ერთიან დერეფანში გაერთიანდება.

სომხურმა მხარემ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები პროექტის კრედიტორთან - გერმანიის სახელმწიფო ბანკ KfW-თან. ხაზის მარშრუტი და ქვესადგურების ზოგადი პროექტი უკვე შედგენილია.

საკვანძო პუნქტი გახდება „დმაშენის“ ქვესადგური სომხეთის ცენტრალურ ნაწილში. აქ დასრულდება 400-კილოვოლტიანი ხაზი ირანიდან და აიღებს სათავეს ხაზი საქართველოს მიმართულებით. საქართველოს საზღვართან, დაბა აირუმში  მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ტრანსფორმატორული სადგური და ქვესადგური აშენდება, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის ენერგოგაცვლას უზრუნველყოფს. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან ორი ქვეყნის ქსელები დენის სხვადასხვა სიხშირეებზე მუშაობს (საქართველოს სისტემა რუსეთთან არის სინქრონიზებული, ხოლო სომხეთის - ირანთან).

უახლოეს ორ-სამ თვეში სამინისტრო მშენებლობაზე კონკურსებს დაამტკიცებს. სულ სამი კონკურსი გამოცხადდება: ქვესადგურის, მუდმივი დენის ტრანსფორმატორის და საკუთრივ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე.

„მშენებლობაზე კონკურსების გამოცხადებას უკვე წელს ვგეგმავთ“, - აღნიშნა ვარდანიანმა.

პროექტის ღირებულება 188 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ვადები - 3-4 წელი. სამ წელში უნდა დასრულდეს ქვესადგური და ხაზი, ხოლო მუდმივი დენის ტრანსფორმატორი 4-წლიან სამუშაოებს მოითხოვს (სამივეს მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება). ტრანსფორმატორი წარმოადგენს დიდ და რთულ ნაგებობას, აღჭურვილს ასეულობით ერთეული ტექნიკით, რომელიც რამდენიმე ათეულ ჰექტარს დაიკავებს.

სომხეთში მშენებლობის დაწყებას საქართველოშიც ელოდებიან, რადგან მსგავს პროექტს KfW აქაც აფინანსებს. საქართველოს და რუსეთს შორის უკვე მოქმედებს ერთი 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მიმართულებით. ახლა კი გერმანული კრედიტით აშენდება მეორე - 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი - ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით. ის გააგრძელებს 400-კილოვოლტიან ხაზს სომხეთიდან.

„რამდენჯერმე განვიხილეთ პროექტი, გადავიტანეთ ვადები. ახლა ყველა ტექნიკური დეტალის განხილვას ვასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ოთხმხრივ ენერგეტიკულ დერეფნის შესახებ მემორანდუმს ერევანში 2016 წელს ხელი მოაწერეს სომხეთის, რუსეთის, ირანის ენერგეტიკის მინისტრებმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (84)

მთავარი თემები