საქართველოს ხუთი ქალაქის მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ

© Pixabay / kaboompicsონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს წყალგამანაწილებელი კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით იყო გაზრდილი, წელს იგი კიდევ 18%–ით გაიზარდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხუთ ქალაქში 110 ათასზე მეტი ადამიანისთვის წელს წყალმომარაგება გაუმჯობესდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“. 

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება

საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა კვლავინდებურად მოუწესრიგებელია. ცქიტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს დაახლოებით 600 ათას მცხოვრებს არ აქვს ცენტრალური წყალმომარაგება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მცირე რეგიონულ ცენტრებში დგას.

„წელს ჩვენ ვასრულებთ წყალმომარაგების პროექტებს ქუთაისში, ზუგდიდში, აბაშაში, ჭიათურასა და ჯვარში, რის შემდეგაც მთლიანობაში 100 ათასი ადამიანი შეძლებს უფრო ხარისხიანი წყალმომარაგების მიღებას. ზოგ შემთხვევაში 24-საათიან რეჟიმს, ზოგან ვერ ვაღწევთ 24-საათიანსაც და შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ ინფრასტრუქტურის განვითარება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, წყალმომარაგების საკითხი და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება საქართველოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა.

„მართალია, წყლის ინფრასტრუქტურის ნაწილში წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ინვესტიციები წყლის სექტორში არასაკმარისი იყო, ვინაიდან ელემენტარულად ჩვენს ქვეყანას იმდენი გამოწვევა და საჭიროება აქვს ინფრასტრუქტურის ნაწილში, რომ ყველაფერს ერთად ვერ ვაკეთებთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს წყალგამანაწილებელი კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით იყო გაზრდილი. წელს იგი კიდევ 18%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცქიტიშვილმა ისაუბრა ტურისტულ ცენტრებში სსიპ-ების შექმნის აუცილებლობაზე.

„ბაზისის შექმნისთვის სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია როგორც გამართული ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე რეგულაციების თვალსაზრისით. ჩვენ ვგეგმავთ ცვლილებების შეტანას მშენებლობის ნებართვის მიღების წესში, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს გამწმენდი ნაგებობების ან კანალიზაციაზე მიერთების თვალსაზრისით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„საქართველო და მსოფლიო" – თბილისში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს როლის გარდა კომერციულმა სექტორმაც უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთი ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ელემენტარულ დონეზე ხელის დაბანის საშუალებებს ყველა რეგიონში. აქაც ბიზნესმა უნდა მიაქციოს ყურადღება არა მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროების მშენებლობას, არამედ ასეთი საბაზისო ტურისტული სერვისების უზრუნველყოფას, რაც ბევრი ქვეყნის მაგალითზე ფასიანი ბიზნეს-სერვისია. სახელმწიფომ და ბიზნესმა ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაონ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

თბილისში კონფერენცია თემაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ იმართება. ფორუმი ბრიტანული გამოცემა The Economist-ის და მისი შემაჯამებელი გამოცემის „მსოფლიო 2020-ში" ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით მეორედ იმართება.

ღონისძიების მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების განხილვა გლობალურ კონტექსტში ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

ყველა ახალი ამბავი
0