თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ირანს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი პოზიციები არ უკავია, კორონავირუსის გამო მასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს, განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ.
ჯერჯერობით საქართველო იმ იღბლიანი ქვეყნების სიაშია, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს მწვანე ზონაში ყოფნის ვადა, საქართველო იძულებული გახდა, უკიდურესი ზომისთვის მიემართა და, ჩინეთის გარდა, ავიამიმოსვლა ირანთანაც შეეჩერებინა – მიუხედავად თანმდევი არასახარბიელო ეკონომიკური შედეგებისა.
„პირდაპირმა ზარალმა ეკონომიკაში შეიძლება შეადგინოს 100 მილიონი დოლარი. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ საერთო სურათისა, რომელიც ყოველდღიურად იკვეთება. ეს ნიშნავს, რომ მცირდება იმ შემოსავლების მოცულობა, რომელთაც საქართველო ირანელი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და ტურისტებისგან მიიღებდა", – განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს".
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 2,5%-ით მოიმატა და 258,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჩინეთში ყველაფერი რთულდება
ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ კორონავირუსის ეპიდემიამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკის ზრდას მთელ მსოფლიოში.
„იანვრის მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკა ზარალს განიცდის, დაუსრულებელი წარმოების მოცულობა ყოველდღიურად 5 მილიარდ დოლარს აღწევს. თუ ასე გაგრძელდება, წლიურად ეს თანხა 2 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება. ხოლო მსოფლიო მეურნეობაში ჩინეთის ეკონომიკის წილის გათვალისწინებით, ეს რიცხვი 5,5-ზე უნდა გამრავლდეს", – აღნიშნა არჩვაძემ.
ზოგი ჭირი მარგებელია
პროფესორი დარწმუნებულია, რომ თუ ვირუსის დამარცხება და ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხერხდება, ჩინეთიდან საქართველოში 2019 წლის დეკემბრამდე არსებული იმპორტის მოცულობა შემცირდება. თუმცა ეს, თავის მხრივ, ექსპორტისა და იმპორტის დისბალანსის პრობლემას მოაგვარებს.
„ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტის ყველაზე საგრძნობი დისბალანსი გვქონდა. ჩინეთში ჩვენი ექსპორტის ყოველ ერთ დოლარზე 7-8 დოლარი იმპორტი მოდიოდა. მაგრამ ვინაიდან იმპორტის მოცულობა მცირდება, ეს გარკვეულწილად ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებაზე მოქმედებს. რაც ნაკლები ჩინური საქონელი შემოვა, მით უფრო გაუმჯობესდება ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსი", – აღნიშნა არჩვაძემ.
მისი თქმით, ახლა საქართველო ალტერნატიულ სავაჭრო პარტნიორებს ეძებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო თავიანთი ეროვნული, ადამიანური და ეკონომიკური ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული, საქართველოს ეკონომიკის ორიენტირის სწრაფი ცვლილების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად დროა საჭირო.
კორონავირუსი – მთელი მსოფლიოს გამოწვევაა
არჩვაძის სიტყვებით, კორონავირუსი სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ კაცობრიობამ ამ პრობლემის გადაჭრას საუკეთესო ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები უნდა მოახმაროს.
„ჯერ მსოფლიოს ბოლომდე არ გაუთვითცნობიერებია საფრთხე – არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლესთან მიმართებით, არამედ მთელი მსოფლიო მეურნეობის მიმართ. რადგან შედეგი შეიძლება იყოს ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური კავშირების შეწყვეტა, წარმოების საერთო მოცულობის შემცირება და რეცესია. დომინოს პრინციპით ეს პროცესი ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაეცემა", – განაცხადა ექსპერტმა.
კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას მოედო.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.
კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთში 77658 ადამიანს მიაღწია, აქედან 2663 გარდაიცვალა, 27000 გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. ამჟამად დაავადებას ებრძვის 47 672 ადამიანი, მათგან 9126 შედარებით მძიმედაა.
საქართველოში ამ დროისთვის დაავადების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.