16:53 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ასევე 6200 ოჯახზე მეტმა შეძლო მცირე საოჯახო ბიზნეს-საქმიანობის დაწყება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე, რომელიც საწარმო „მეამაში" გაიმართა.

მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიმართულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ბიზნეს-სექტორის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნეს-საქმიანობის დაწყება.

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში – ქალაქებსა თუ რეგიონებში", – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავამ აღნიშნა, რომ 2019 წელი მთლიანობაში პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან  ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, „გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას".

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე სწრაფი ტემპით გაიზარდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებმა – იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლო ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება", – განაცხადა თურნავამ.

პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია საწარმო „მეამა", რომელიც პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

ნიჩბისში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ>>

საწარმო „მეამაში" გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

მთავარი თემები