ბიზნესმა საკუთრებაში 38 სახელმწიფო ობიექტი მიიღო, ქვეყნის ბიუჯეტმა კი სოლიდური შემოსავალი

გამოწერა
ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს" ფარგლებში მთავრობის მიერ ბიზნეს-სექტორისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს" ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რათა ბიზნესს ეფექტური ოპერირების საშუალება ჰქონდეს.

„დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ, როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის სიტყვებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ პასუხი გაეცეს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევას, რომელიც დგას საქართველოს წინაშე – სამუშაო ადგილების დეფიციტს.

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0