საქართველოში თანამედროვე თბოელექტროსადგური ამუშავდა

© photo: Irakli Garibashvili / FBთბოელექტროსადგური
თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გარდაბნის თბოსადგური 2“ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნა გარდაბანში გაიმართა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინვესტორი კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებმა.

 „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა. 

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენ მთავარი ამოცანა – ახალი სამუშაო ადგილებია. ჩვენი მთავარი ამოცანა – ეს არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რაშიც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყაროები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.  სწორედ ამიტომ თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“ პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. 

ახალი თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გარდაბანში კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტულია, რამდენადაც ზამთრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის შეუძლებელია.

საქართველოში პირველად ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. „ნულიდან გაშვების ფუნქციით“, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

თბოელექტროსადგური გაზზე მომუშავე ძველ ენერგობლოკებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს და გაცილებით ეკონომიურია.

„ეს თბოელექტროსადგური, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აშენდა, ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი ე.წ. ღია ციკლის თბოელექტროსადგურები. ეს თბოელექტროსადგური ეკოლოგიასთან მიმართებით მეგობრულია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის „ჯენერალ ელექტრიკის“ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით. ეს კომპანია ამ მოწყობილობების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება, რასთან დაკავშირებითაც მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0