05:04 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1043 0 0

ეროვნული ვალუტა სწრაფი ტემპით მყარდება... რატომ, არსებობს თუ არა ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები, სად გადის ეროვნული ვალუტის შესაძლებლობების ზღვარი და როგორია უახლოესი მომავლის პერსპექტივა, როდემდე განაგრძობს გვენეტაძის უწყება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

სამსონ ხონელი

პუნქტუალურად! ანუ ზუსტად მაშინ, როგორც წინასწარ ითქვა... საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დათქმულ დროს, 11 დეკემბერს შეიკრიბა და რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 0.5 პროცენტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. არ ვიცი ვისთვის როგორ, ჩემთვის კი მოსალოდნელი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აკი ბრძანებდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება, ვიდრე ლარის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდებაო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებამ. ასე რომ, კობა გვენეტაძის უწყებამ დანაპირები შეასრულა და სამდურავი რა უნდა გვქონდეს? თუმცა, ვიცი, პირობის დაცვით უკმაყოფილოც ბევრი იქნება. − მაინც რამდენი? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, უნდა დავაზუსტო...

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საკრედიტო პორტფელს მიმოიხილავს. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული. მისი ჯამური მოცულობა 5 909 მილიონი ლარია. კრედიტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ყველა ამ დებიტორს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტით გაეზარდა. კაცმა რომ თქვას, ყოველთვიური საბანკო ვალდებულების გაძვირება რა სალაპარაკოა, მით უფრო, რა საწუწუნოა, როცა, კობა გვენეტაძის უწყების შეფასებით, მიუხედავად ბოლო დღეებში ლარის გამყარებისა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კი მიზნობრივზე მაღალია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და უკვე წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ლარის გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი“, − ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მომავალი წლის 29 იანვარს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება და გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი, გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი. ამასობაში კი ლარი მყარდება და თანაც სწრაფი ტემპით. საინტერესოა, რამ განაპირობა ეს ტენდენცია? ეს კითხვა მხოლოდ მე როდი გამიჩნდა... „რო ცივა, ლარს რა ამყარებს?“ − დაინტერესდა ანალიტიკოსი გიორგი პაპავა სოციალურ ქსელში და კითხვა უპასუხოდ დაგვიტოვა. მომხმარებლების რეაქციამაც არ დააყოვნა. ამას ჩვენ გვეკითხები? − ასეთი იყო უმრავლესობის რეპლიკა. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ნაწილი ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებს...

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ინვესტორებს შეუქმნა მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება. შესაბამისად, მათ, სავარაუდოდ, შემოიტანეს უცხოური ვალუტა, დააკონვერტირეს ლარში და იყიდეს, მაგალითად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რამაც ლარის გამყარებას შეუწყო ხელი“.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები უმნიშვნელოდ, თუმცა გაუმჯობესებულია და ლარის გამყარების მიზეზიც ეს არის. ოფიციალური მონაცემებით, შენარჩუნებულია ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ზომიერი ტემპი. ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, რომ მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1,2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 13,7 პროცენტით აღემატება...

უცხო არ არის, წინასაახალწლო პერიოდში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეროვნული ვალუტა მყარდება ხოლმე. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ლარი ახალი წლის მოახლოებამ გამოაცოცხლა...

ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე: „ახალი წელი ახლოვდება და ადამიანები უფრო მეტად ხარჯავენ ლარს. შესაბამისად, უცხოურ ვალუტას ახურდავებენ, ეს იქნება ადრე გადმორიცხული თანხები თუ ანგარიშზე შენახული... ეროვნული ვალუტის კურსი ყალიბდება არა მაშინ, როდესაც ემიგრანტები დოლარს საქართველოში რიცხავენ, არამედ მაშინ, როცა ეს დოლარები ლარში კონვერტირდება...“

აკადემიური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მცურავ გაცვლით კურსს მოკლევადიან პერიოდში ზოგადად მერყეობა ახასიათებს. ამ დღეებში კი გამყარების ტენდენცია აშკარა იყო. მათი შეფასებით, მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. შესაბამისად, კურსის კორექტირება მოსალოდნელიც იყო. არის მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება სამთავრობო გუნდისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულმა მუშაობამ განაპირობა...

პროფესორი ლადო პაპავა: „გუნდში შეთანხმებულ მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს... თუ სამთავრობო ეკონომიკური გუნდიდან გამოვრიცხავთ ეროვნულ ბანკს, რაც არ უნდა იმოქმედონ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა, შედეგი არ დაიდება, თუ მათ მხარი ეროვნულმა ბანკმა არ აუბა. ბოლო პერიოდში აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და ტენდენცია, რომელიც ამ დღეებში გამოიკვეთა, ლოგიკურია“.

საინტერესოა, როგორია ლარის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა? ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკისა და სამთავრობო გუნდის კოორდინირებულ მოქმედებაზე. თუ რეფინანსირების სესხები მოითოკება, შესაძლებელია, ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან ლარის კურსის გრძელვადიან პერიოდში გამყარებას პრაქტიკულად არავინ ელოდება. ექსპერტთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის ფუნდამენტური გამყარების ფაქტორები ქვეყანაში არ არსებობს.

მათი პროგნოზით, უახლოეს დღეებში ლარი 2.85-ის ნიშნულს არ ჩამოსცდება, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევრიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს. ახალი წლიდან შესაძლოა ეროვნული ვალუტა დასტაბილურდეს, თუმცა მნიშვნელოვანი გამყარება მოსალოდნელი არ არის. როგორც ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ქვეყანაში სერიოზული უცხოური ინვესტიციები არ შემოვიდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა არ მოიმატა, ეროვნული ვალუტა ვერც არსებულ პოზიციას შეინარჩუნებს... 

მთავარი თემები