ანაკლიის ინვესტორი: მნიშვნელოვანია პროექტი, და არა ფინანსური გარიგების დახურვის ვადები

© photo : Anaklia Port / FBინვესტორები ანაკლიაში
ინვესტორები ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ კონსორციუმი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არსებული საინვესტიციო ხელშეკრულების ყველა პუნქტი ამოქმედდება, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის მშენებლობის პროექტის განხორციელების პროცესში ვადები მნიშვნელოვანი არ არის და ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური ინტერესები, განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმმა 2019 წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს შეთანხმება 120 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის შევსების ვალდებულების შესახებ, ასევე დოკუმენტის პროექტი კრედიტორებისგან დაფინანსების მიღების შესახებ. ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მიღებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB, მაგრამ ისინი გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებსაც სახელმწიფო არ ეთანხმება. ფინანსური გარიგების დახურვა უკვე ექვსჯერ გადაიდო.

პორტის მშენებლობა ანაკლიაში - Sputnik საქართველო
დრო იწურება: გამოინახება თუ არა თანხა ანაკლიის პორტის ასაშენებლად

„არაერთხელ მითქვამს, რომ ვადებზე საუბარი არ არის პროექტის ინტერესებში... ჩვენ თუ ვლაპარაკობთ საუკუნის პროექტზე, ვლაპარაკობთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე საქართველოსთვის, მაშინ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები. დავსვათ შეკითხვა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა.

დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ პროექტის ამოქმედებისთვის ყველაფერს აკეთებს - აგრძელებს ინვესტორებთან მოლაპარაკებებს, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ინვესტორების სახელებს ვერ დავასახელებთ, ვისთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ძალიან რთულია დაარწმუნო რომელიმე ინვესტორი, რომ უზარმაზარი თანხის ინვესტიცია მოხდინოს, განსაკუთრებით ისეთ პროექტში, რომელიც მსგავს ვითარებაშია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, პოტენციური ინვესტორები ძალიან შეშფოთებული არიან პოლიტიკური მოვლენებით საქართველოში, სადაც 14 ნოემბრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება.

ამჟამად კონსორციუმი მართავს მოლაპარაკებებს კიდევ ერთ ინვესტორთან, რომელიც, როგორც კომპანია იმედოვნებს, წარმატებით დასრულდება.

გადავადება აღარ მოხდება

თუმცაღა, საქართველოს მთავრობამ ცალსახად გადაწყვიტა, აღარ გაუგრძელოს კონსორციუმს ფინანსური გარიგების დახურვის ვადა.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პოტენციური ინვესტორი დაკარგა

როგორც ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რამდენად საჭიროა ქვეყნისთვის ღრმაწყლოვანი პორტი, მნიშვნელოვანია, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და მის დამფუძნებლებსაც თავადაც არაერთხელ გაუკეთებიათ კომენტარები, რომ როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის, ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად დავიწყოთ, შევიყვანოთ ექსპლუატაციაში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კონსორციუმს დაფინანსების მოზიდვასთან პრობლემები აქვს, და ეს პროცესი ბოლო ორი წელი გრძელდება.

ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს >>

ახვლედიანის განცხადებას, პოლიტიკური ინტერესების გადადების და პროექტზე ფიქრის მნიშვნელობის შესახებ, ცქიტიშვილი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ კონსორციუმმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია ამ პროექტის განხორციელება, ამიტომ მთავრობას ყოველგვარი კამათის გარეშე მისი შესრულების შემდგომ ფაზაზე გადასვლის საშუალება უნდა მისცეს.

„პროექტი რომ არ აღმოჩნდეს საფრთხეში, საჭიროა დროული გადაწყვეტილებების მიღება. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვხედავთ, რომ კონსორციუმი ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას, ის არსებული შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულება და ყველა მისი მუხლი ამოქმედდება, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგი გადავადება ვერ დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო იყენებს იმ უფლებებს, რომელიც მას ხელშეკრულების ფარგლებში გააჩნია. ხოლო კონსორციუმთან ურთიერთობების შესაძლო შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩავარდნას.

რით იმუქრებოდა კონსორციუმი

როგორც ადრე განაცხადა ახვლედიანმა, თუ მთავრობა შეწყვეტს გარიგებას, კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

„რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საუკუნის პროექტი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აგების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ პროექტთან – „ახალ აბრეშუმის გზასთან“ მიერთების მიზნით მიიღო.

„ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს „თი ბი სი ჰოლდინგმა“ და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომაპანია SSA Marine, British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti International LLC–მ აგვისტოში განაცხადა, რომ კონსორციუმიდან გასვლას აპირებდა და კონსორციუმი მთავარი ინვესტორის გარეშე დარჩა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0