ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბერში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მთლიანად შემოსავალმა 325 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება – 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 20%-ით მეტია. 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გადის. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

წლის დასაწყისიდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტზე 28,4 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გავიდა, რაც 60%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 60,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა – 67%.

მსოფლიოს 28 ქვეყანაში ასევე ექსპორტირებულია 585 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 66% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 1,6 მილიონ დოლარს მიაღწია, ზრდამ კი 56%-ს.

მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბერში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მთლიანად შემოსავალმა 325 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ზაფხულში თბილისში გამართული ანტისამთავრობო აქციების ფონზე რუსი დეპუტატები განიხილავდნენ რუსეთში რიგი ქართული პროდუქტების შეტანის აკრძალვასაც, თუმცა მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციებს არ დააწესებდა.

ყველა ახალი ამბავი
0