02:29 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
16820

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პირველად საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

„საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ასეთი ბირჟები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, საქართველოს შემთხვევაში კი მთავარია – რა კუთხით გამოიჩენს ახლად დაფუძნებული ენერგეტიკული ბირჟა აქტივობას, რადგან საუბარია იმპორტშემცველი პროდუქციით ვაჭრობაზე. ჩვენთან ენერგეტიკა ის დარგია, სადაც დღეს ელექტროენერგიის დაახლოებით 30 პროცენტი სხვა ქვეყნებიდან შემოდის.  

„სავარაუდოდ, ბირჟა ინვესტორებს შესთავაზებს მცირე ჰესების პროექტებს, და თუ დამატებით კიდევ ჩაიდება უცხოური ინვესტიციები ამ სექტორში, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ელექტროენერგიის ექსპორტიორებიც გავხდეთ“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ნიკა შენგელიას თქმით, ბირჟა – არის ადგილი, სადაც მომხმარებელი და მწარმოებელი ერთმანეთს ხვდებიან, ამიტომ აქ ვაჭრობისთვის ელექტროენერგიის ფასების ფორმირების გამჭირველობაა აუცილებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და საჯარო იყოს ინფორმაცია – ვინ შევიდა ბირჟაზე, რა ფასით, ვინ შეიძინა პროდუქტი და რა მოცულობით. ასევე საჭიროა გამოირიცხოს სპეკულაციური მომენტები და ნეპოტიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ბირჟაზე ყველა ოპერაცია ელექტრონულად განხორციელდება“, – მიაჩნია ნიკა შენგელიას.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ამ სავაჭრო პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი მწარმოებლები, ასევე უცხოელებიც. სრულიად შესაძლებელია იყოს შემოთავაზება როგორც რუსეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და  სომხეთიდან.

ეკონომისტის აზრით, ამ დარგში ინვესტიციების განხორციელება საპენსიო ფონდის მხრიდანაც არ იქნება ურიგო.

„საპენსიო ფონდში არის აკუმულირებული ნახევარ მილიარდ ლარამდე და თუ ისინი ჩადებენ ამ თანხებს ენერგეტიკის სფეროში, გამოვა, რომ ჩვენივე მოქალაქეების მიერ იქნება ინვესტირებული, რაც კარგი იქნება თავად ქვეყნისათვისაც და, მით უმეტეს, საპენსიო ფონდისთვისაც. ფონდი მიიღებს გარკვეულ მოგებას, რაც მომავალში პენსიების სახით დაუბრუნდება მოქალაქეებს“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება ამ დარგში, მით უფრო მეტი ვალუტა შემოვა და გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც.

„ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის“ მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს 95 ელექტროსადგური (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგური), რომელთა ჯამური სიმძლავრე არის 4230 მგვტ. ამ 95 ელექტროსადგურიდან 5 არის თბოსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური და 89 ჰიდროელექტროსადგური.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკული ბირჟის ძირითად საქმიანობას ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია წარმოადგენს. 

უწყების ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. 

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და ერთი დღით ადრე საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

ნატა პატარაია

მთავარი თემები