თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ათონელის ქუჩაზე მდებარე და ავლაბრის რეზიდენციების მოვლა-პატრონობა 10 თვის განმავლობაში სახელმწიფოს დაახლოებით 1,7 მილიონი ლარი დაუჯდა, იუწყება ტელეარხი PalitraNews საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შენახვა, ასევე კომუნალური მომსახურება 638 ათასი ლარი დაჯდა. სასახლის დაცვაზე კი 406 ათასი ლარი დაიხარჯა.
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ძველი ავეჯით გააწყობენ>>
სულ ავლაბრის სასახლის შესანახად გაწეულმა ხარჯმა 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ათონელის ქუჩაზე, მისი შენახვა და კომუნალური მომსახურება 184,4 ათასი ლარი დაჯდა. რეზიდენციის დაცვაზე კი 467,6 ათასი ლარი დაიხარჯა.
სულ ათონელის სასახლის შენახვა და მოვლა 652 ათასი ლარი დაჯდა.
ავლაბრის პრეზიდენტის სასახლე მას შემდეგ დაიცალა, რაც 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მან არჩია ათონელის ქუჩაზე მდებარე უფრო მოკრძალებულ რეზიდენციაში გადასვლა. ორბელიანის სასახლეში გადასვლაზე თავის დროზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. რეზიდენციის ფართობი ექვსი ათასი კვადრატული მეტრია.
რაც შეეხება პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციას, ის თბილისის ისტორიულ ნაწილში, აბდუშელაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. დიდებული შენობა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, შესრულებულია კლასიკური სტილით. მას ამშვენებს უზარმაზარი გუმბათი, ბერძნულ-რომაული სტილის და იტალიური რენესანსის ელემენტები. სასახლის რეკონსტრუქცია ხუთი წელი გაგრძელდა და ხაზინას 13 მილიონი ლარი დაუჯდა.