09:02 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
პორტის მშენებლობა ანაკლიაში

დრო იწურება: გამოინახება თუ არა თანხა ანაკლიის პორტის ასაშენებლად

photo: Anaklia Port / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (350)
90 0 0

საქართველოში „საუკუნის პროექტის“ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ ვითარება იძაბება: ხელისუფლება აცხადებს, რომ თანხის მოსაძიებლად დრო იწურება

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური გარიგების დახურვის ვადას არ გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ოთხშაბათს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

კონსორციუმმა 2019 წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს შეთანხმება 120 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის შევსების ვალდებულების შესახებ, ასევე დოკუმენტის პროექტი კრედიტორებისგან დაფინანსების მიღების შესახებ. ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მიღებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB, მაგრამ ისინი გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებსაც სახელმწიფო არ ეთანხმება. ფინანსური გარიგების დახურვა უკვე ექვსჯერ გადაიდო.

„რაც შეეხება ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას, ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი, ფაქტობრივად, უკვე ორი წლით მოხდა გადავადება ამ პროცესის და ამ პროცესის უსასრულოდ გადავადება შესაძლებელი არ არის“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა,

დრო ცოტაა – იმედი არ არის

ცქიტიშვილმა არ გამორიცხა, რომ კონსორციუმი ვერ ჩაეტევა დროში და ინვესტორთან კონტრაქტი ჩაიშლება.

„როგორც ჯერჯერობით ვხედავთ, სამწუხაროდ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ამ ვადების შესრულება კონსორციუმის მიერ ალბათ ვერ მოხერხდება. შესაბამისად, 31 დეკემბერს ჩვენ გვექნება საშუალება, უკვე ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

როგორც ამას წინათ კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, კონსორციუმისთვის აბსოლუტურად არაადეკვატურია ვადა წლის ბოლომდე და ზოგადად ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციულია.

ახვლედიანმა კონსორციუმის მოთხოვნები დაასახელა. პირველი – არის სახელმწიფოს მხრიდან პორტის ინვესტორების მხარდაჭერა, მეორე – ტვირთების გარანტიების უზრუნველყოფა და მესამე – ამერიკული კომპანია SSA Marine–ის მოთხოვნა იმისა, რომ ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას საქართველოში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში.

ამასთან, კონსორციუმის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ მთავრობა გარიგებას ჩაშლის, კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

არ არის პორტი – არ არის გზა

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეაჩერებს მონაწილეობას ანაკლიის პორტის მშენებლობაში, თუ კონსორციუმი ვადებში ვერ ჩაეტევა.

„რაც შეეხება გზას და რკინიგზას, პროექტირება მიმდინარეობს. საპროექტო ორგანიზაციამ საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ბევრი შენიშვნა გვქონდა. ამ შენიშვნების გადამუშავება მოხდა და ჩვენ დასრულებული პროექტის წარმოდგენას ველოდებით. თუ ეს უშუალოდ ამ ვადაში მოხერხდება, ჩვენ შემდგომში იმაზე ვიფიქრებთ, რომ ტენდერიც გამოვაცხადოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაკავშირებული მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაწილში პროგრესთან, რადგან არავითარი აზრი არ აქვს, გქონდეს გზა მაშინ, როდესაც არ გაქვს ფუნქციონირებადი პორტი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის აშენების ვალდებულება და უკვე შეისყიდა მიწები ადგილობრივი მოსახლეობისგან.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აგების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ პროექტთან – „ახალ აბრეშუმის გზასთან“ მიერთების მიზნით მიიღო.

„ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს „თი ბი სი ჰოლდინგმა“ და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომაპანია SSA Marine, British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti International LLC–მ აგვისტოში განაცხადა, რომ კონსორციუმიდან გასვლას აპირებდა და კონსორციუმი მთავარი ინვესტორის გარეშე დარჩა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.

მშენებლობის პირველი ფაზა ითვალისწინებს პორტის აშენებას სატვირთო ხომალდებისთვის, ტერმინალს კონტეინერებისთვის, ტალღის მჭრელსა და ადგილს ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. ის 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

პორტის განვითარება იგეგმება ცხრა ფაზად. ცხრავე ფაზის სარეალიზაციოდ საჭიროა 50 წელზე მეტი. შედეგად პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, ყოველწლიურად 100 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (350)

მთავარი თემები