თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კასპის რაიონის სოფელ ნიგოზასთან ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას განაგრძობს. ქვეყანაში უკვე მუშაობს ქარის 20 მეგავატი სიმძლავრის სადგური „ქართლი". მის აშენებაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 24 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო. სადგური ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. ამჟამად მისი მფლობელი სახელმწიფოა, თუმცა გასულ ზაფხულს ხელისუფლებამ მისი აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ნიგოზასთან აშენებული ახალი სადგური დამატებით 200 მილიონამდე კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს
ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგიის გასაზრდელად, ასევე მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის ხელშეწყობისთვის.
უფრო ადრე ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ 2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება. განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლის ბოლოსთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.
ქვეყანაში 2016-დან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.
2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება>>
პროგნოზის თანახმად, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.
ექსპერტების აზრით, ენერგოდეფიციტის საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა ყველა შესაძლო სადგურის აშენება, რომელთა შორის პრიორიტეტული მაინც ჰიდროელექტროსადგურებია.