გიორგი გახარია - წყალტუბო მასშტაბური ტურისტული ცენტრი გახდება

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. წყალტუბოს აღორძინების პროექტი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიციაა, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის  Facebook გვერდზე გავრცელდა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს
„წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა“, - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

დღეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა  პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინიციატივის შესახებაა საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს და პირადი სახსრებით დაიწყოს და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელოს არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველყოს მისი განვითარება.

ყველა ახალი ამბავი
0