09:28 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (450)
72 0 0

კომპანია დაეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შექმნით არიან დაინტერესებული

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პირველი ბიზნეს-ასოციაცია AI Georgia შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინტელექტუალური მანქანების შექმნის ტექნოლოგიების განვითარებაა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პრეს-სამსახურში.

ასოციაცია საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელსაც ბიზნეს-სამყაროსა და მთელი სახელმწიფოს საქმიანობის უსაფრთხოებასა და შემსუბუქებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ასევე აღნიშნულ სფეროში კვლევების ჩატარებას.

AI Georgia-მ საქმიანობა ახალი კვლევა-პროექტის პრეზენტაციით დაიწყო. კვლევა, რომელზეც ქართული ხელოვნური ინტელექტის - Digital Mind - შემქმნელი, 18 წლის გიორგი ჩახნაშვილი მუშაობს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე წარმოებს. სწორედ ჩახნაშვილმა წარუდგინა დამსწრეთ თავისი უნიკალური პროექტი.

Digital Mind-ი (ციფრული გონება) ვირტუალური პერსონალური ასისტენტია, რომელსაც შეუძლია სასწავლო თუ სამუშაო პროცესის შემსუბუქება. მაგალითად, თუ ადამიანს სჭირდება წიგნის წაკითხვა ან რამდენიმე ვიდეომასალის ნახვა, რაც, დავუშვათ, მოითხოვს დაახლოებით 60 წუთს, Digital Mind-ის მეშვეობით ამის გაკეთება უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი. პროგრამის ამოცანაა მაქსიმალური ინფორმაციის  მინიმალურ დროში მიღება.

სხვათა შორის, ჩახნაშვილის ხელოვნური ინტელექტით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO), Google და სხვა მსხვილი ევროპული კორპორაციები. ამასთან, გიორგი ჩახნაშვილმა ყველა დაინტერესებულ მეცნიერს შესთავაზა, შეუერთდნენ მის კვლევას.

„ეპოქაში, რომელიც სწრაფად ვითარდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფეხი აუბას მსოფლიო ტრენდებს. სწორედ ამიტომ, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, აუცილებელია, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა წაახალისონ ახალგაზრდები და ხელი შეუწყონ მათ განათლებას ამ მიმართულებით“, - აღნიშნეს  AI Georgia-ს პრეს-სამსახურში.

AI Georgia იქნება პირველი დაწესებულება, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ხელოვნური ინტელექტის შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდების სტიპენდიებისთვის 2,5 ათას ლარს გადასცემს.

ნიშანდობლივია, რომ ასოციაციის პრეზენტაციას ესწრებოდა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე. მან სტუმრებს გააცნო საერთაშორისო გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის სფეროში და გაუზიარა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ამ სფეროში არსებული პოტენციალი.

„ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია. გამომთვლელი მანქანების სიჩქარის სწრაფი და ყოვლისმომცველი ზრდა, მონაცემთა მრავალრიცხოვნობა და ალგორითმების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და აფართოებს მის დიაპაზონს. ამ ტექნოლოგიის პოტენციალს უკვე იყენებენ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, ფინანსების, კომუნიკაციის, უსაფრთხოებისა და სხვა სექტორები. ისინი იყენებენ მას ეფექტიანობის გასაზრდელად, რესურსების ოპტიმიზაციისათვის, ხარჯის შესამცირებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - აღნიშნა ბერიძემ.

ორგანიზაციის ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილი კვლევის გაცნობა შესაძლებელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს-ასოციაცია AI Georgia-ს ვებ-გვერდებზე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (450)

მთავარი თემები