03:45 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)
7720

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" აფრთხილებენ, რომ ვალდებულების შესრულება არ შეიძლება უსასრულოდ გადავადდეს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" კიდევ ერთხელ მისცეს დამატებითი დრო ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ყველა აუცილებელი პირობის შესასრულებლად. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეთანხმება გაწყვიტოს>>

ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე გადაუვადა პირობების შესრულების თარიღი კონსორციუმს, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას – დღესვე გავაუქმოთ ის, იმის გათვალისწინებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი... ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან სესხი", – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა არც ერთ ოპონენტს, მათ შორის, ვერც კონსორციუმს და ვერც პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ მისცემს იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში.

„დღეს მოვისმინე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ხუთი-ექვსი ინვესტორი ჰყავს კონსორციუმს განხილვის რეჟიმში. რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტორების არსებობას, სწორედ ამის გამო არ მოვშლით ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმსა და მის ინვესტორებს მივცემთ შესაძლებლობას, მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამგვარად, ხელისუფლებამ თვალი დახუჭა იმაზე, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე არ შეასრულა ორი შუალედური ვალდებულება. პირველ რიგში, მან არ წარმოადგინა პოტენციურ ინვესტორებთან გაფორმებული კონტრაქტები 120 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე. ამ კონტრაქტების ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტების მოზიდვაზე.

გარდა ამისა, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტების მოზიდვის შესახებ იმ პირობით, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის.

მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტი ანაკლიის პორტს ვერ შეცვლის>>

ცქიტიშვილის თქმით, 2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, უკვე ორი წელია, რაც კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა უგრძელდება. ამის მიზეზი პროექტის დიდი მნიშვნელობაა, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

გრანდიოზული პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)

მთავარი თემები