ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაიშალა?

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის პორტი საქართველოს ღრმაწყლოვან ნავსადგურებზე მონოპოლიას ინარჩუნებს

 

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა APM Terminals Poti–ის ადმინისტრაციული საჩივარი  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის 2 მაისს დაამტკიცა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 30 მაისს.

 „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობით გამოხატული პოზიციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დამტკიცებული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოიცავდა ტერიტორიულ წყლებს და მათზე, კანონის თანახმად, ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის და მისი შემდგომი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

სააგენტოს უარყოფითი პოზიცია დოკუმენტის ბათილად ცნობის მნიშვნელოვანი მიზეზი იყო.

რით დაიწყო ყველაფერი

ფოთის პორტის ირგვლივ სკანდალი მაისის მიწურულს აგორდა, როდესაც ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ პორტში იგეგმებოდა ახალი, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა. განცხადების თანახმად, უნდა აშენებულიყო 1,6 ათასი მეტრის სიგრძის დამცავი ჯებირი და 700 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი. აქვე ითქვა, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მილიონი დოლარი იყო. 

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
მილიონები ინვესტიციებზე და ასობით სამუშაო ადგილი – ფოთის პორტის გეგმები

ამის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განგაში ატეხა. კომპანიის განცხადების თანახმად, „საუკუნის პროექტი“ - ასე უწოდებს მას საქართველოს ხელისუფლება - შესაძლოა შეჩერდეს „ახალი გარემოებების“ გამო.

როგორც მაშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვას - ეს იყო ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი კაკაურიძის განკარგულებით, მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე დამტკიცდა. კაკაურიძე მაშინვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  

ამის შემდეგ ფოთის პორტის მფლობელმა IPM Terminals Poti–მ განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ. როგორც ზემოთ აღინიშნა,  ბათილად იქნა ცნობილი დოკუმენტი, რომლის გარეშეც მშენებლობა შეუძლებელია.

ფოთის პორტის გრანდიოზული გეგმები

კომპანია IPM Terminals Poti ფოთში საზღვაო ნავმისადგომის გაფართოების პროექტის რეალიზების შემთხვევაში, 250 მილიონ დოლარის ოდენობის ინვესტიციის დაბანდების, ასევე ასობით სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, 40 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ეკონომიკურად მთლიანად პორტზეა დამოკიდებული. 

ეკონომიკის მინისტრი  - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: ანაკლიას ვუჭერთ მხარს, ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას

პროექტში გამოყენებული იქნება არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე ფოთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბაზები. პროექტის განხორციელების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მშენებლობა 24-30 თვეს უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მთავრობის ხარჯი ფოთის საზღვაო ნავმისადგომის გაფართოების საინვესტიციო პროექტში პრაქტიკულად ნულის ტოლია.

IPM Terminals Poti–ში განმარტეს, რომ განცხადება სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს 2018 წლის 11 ოქტომბერს კანონმდებლობის დაცვით წარუდგინეს. დადებითი დასკვნა კომპანიამ 2019 წლის 2 მაისს მიიღო, 30 მაისს კი გადაწყვეტილება გაუქმდა.

ფოთის პორტს დიდი პერსპექტივა აქვს

ამის მიუხედავად, ხელისუფლება ფოთის პორტის  სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არა როგორც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, განვითარებაში დიდ პერსპექტივას ხედავს.

მაგალითად ეკონომიკის მინისტრმა მოიყვანა კომპანია PACE Group-ის მიერ ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს APM Terminals-ის კუთვნილი რვა ნავსადგურის ექსპლუატაციას.

ახალი ტერმინალის წყალობით პორტი შეძლებს წელიწადში 2,5 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას. ამისათვის პორტის 25 ჰექტარის ფართობის აკვატორია 12 მეტრამდე გაღრმავდება და დაიტევს 50 ათას ტონა წყალს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, საიდანაც 50 მილიონს კერძო უცხოური ინვესტიციების ამერიკული კორპორაცია OPIC დააფინანსებს. 50 მილიონის მიღების თაობაზე შეთანხმება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ფოთის პორტის  განვითარება განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტექსტში.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ანაკლიისა და ფოთის პორტებს არ უნდა განიხილავდნენ, როგორც კონკურენტებს.

„ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. მით უმეტეს, რომ მათ სხვადასხვა სახის ტვირთი აქვთ. რაც შეეხება ტვირთს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. თუ მსოფლიოს ეკონომიკა ჩმოიშლება, ტვირთი არც ფოთში იქნება, არც ბათუმში, არც ანაკლიაში და არც სხვა ნავსადგურებში. იმიტომ რომ, როდესაც კრიზისი იწყება, გადაზიდვაც მცირდება და მოხმარებაც“, - განუცხადა დეპუტატმა „Sputnik-საქართველოს“.

ჭიჭინაძის სიტყვებით, ფოთის პორტის განვითარების პროექტის ყველა შესაძლო რისკს ინვესტორი თავის თავზე იღებს, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის გარეშე. ამიტომ მისთვის ხელის შეშლა არ ღირს.

ყველა ახალი ამბავი
0