სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიას პირადი განცდების გაზიარებით დავიწყებ. არადა, ეს იშვიათად მჩვევია. ყოველი თვის 27 რიცხვის მოახლოება ტანში მზარავს – საბანკო ვალდებულების გასტუმრება მიწევს. ასე იყო ახლაც, მარიამობის წინა დღეს. მთელი თვის განმავლობაში დიდი წვალებით ნაგროვები ლარით გადამცვლელი ჯიხურისკენ გავემართე. მარტივ საფინანსო პროცედურას დაწვრილებით აღარ აღვწერ. ერთს კი ვიტყვი, შუქფარზე ლარის დაუძლურების ამსახველი ციფრების შემხედვარემ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ გავაანალიზო ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესში ცენტრალური ბანკისა და პირადად კობა გვენეტაძის დამსახურება. პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გაზაფხული-ზაფხულის გასაყარზე ჩატარებული კვლევის შედეგებით, რესპონდენტების თითქმის ორი მესამედი ეროვნულ ბანკს არ ენდობა. ექსპერტ-ანალიტიკოსების განმარტებით, ეროვნული ბანკისადმი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება მეტწილად იმედგაცრუებამ განაპირობა. მოსახლეობას მოლოდინი ჰქონდა, რომ ეროვნული ბანკი პროცესებში ჩაერეოდა და გაცვლით კურსს დააბალანსებდა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, საქართველო, ადეკვატური ქვეყანა რომ იყოს, ხალხის დამოკიდებულება საკმარისი იქნებოდა პარლამენტში მთავარი ბანკირის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განსახილველად...
თანმიმდევრულად მივყვეთ, კონკრეტული ციფრების მოშველიებით გადავხედოთ ეროვნული ბანკის პოლიტიკას და შემდეგ დასკვნაც არ იქნება ძნელი – რა ჰქვია ამ პოლიტიკას და რა არის მისი მიზანი? პირველ რიგში თქვენ ყურადღებას ლარის გაუფასურების ნეგატიურ ასპექტზე გავამახვილებ. მაღალი დოლარიზაციის პირობებში ვალუტის კურსის მცირედი მერყეობაც კი ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კრედიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 55 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით (2.66) იყო 14.5 მილიარდი ლარი. დღეის მდგომარეობით, იგივე ვალი, არსებული კურსით (2.93) უკვე 16.1 მილიარდ ლარს შეადგენს. სხვაობა თვალსაჩინოა, კურსის მერყეობის შედეგად ვალის ძირითადი თანხა 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ამას გაზრდილი საპროცენტო ხარჯიც ემატება. მხოლოდ სესხების კუთხით ვალუტის კურსის ყოველი 1 პროცენტით გაუფასურებაც კი ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 150 მილიონი ლარი უჯდება. შემოსავალი ლარშია, კრედიტების დიდი ნაწილი კი დოლარშია გაცემული. ლარის კურსის გაუფასურების შედეგად განკარგვადი შემოსავლები უმცირდებათ შინამეურნეობებს, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შინამეურნეობების ვალი (36.1 პროცენტი), ისე თავად ამ ვალის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი განკარგვად შემოსავალთან მიმართებაში (14.2 პროცენტი), რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ ურტყამს კერძო ბიზნესის განვითარებას. ამ ვითარებაში, სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან მის ხელთ არსებული ბერკეტების არგამოყენება პრაქტიკულად დანაშაულის ტოლფასია.
ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ ლარის გარდა უფასურდება სხვა ვალუტებიც და ეს გაუფასურება კარგია, რადგან ის ე.წ. გარე შოკებს იწოვს. ისიც საგულისხმოა, რომ, იანვრიდან მოყოლებული, ლარმა პოზიციები დათმო ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მიმართ. ეროვნული ბანკის განცხადებები რეალობას აცდენილია. მრავალი ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეს არასტაბილური სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე პრობლემებს იმ კომპანიებს უქმნის, რომელთაც ეკონომიკური კავშირები საზღვარგარეთ აქვთ. თანხის ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის პერიოდს შორის არსებულ დროის მონაკვეთში ლარის გაუფასურება იწვევს დიდ ფინანსურ დანაკარგს და ზარალის ასანაზღაურებლად ფასის ზრდას. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა! სამწუხაროდ, განსაკუთრებული მიღწევები ეროვნულ ბანკს არც ამ მიმართულებით აქვს. ფასების სტაბილურობის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი გარანტი სწორედ ვალუტის კურსია. ანალიტიკოსების პროგნოზით, მაშინ, როცა ლარი გაუფასურებულია უფრო მეტად, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები, და თანაც იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს, ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა, უბრალოდ, გარდაუვალია. შემთხვევითი არ არის, რომ ინფლაცია, ბოლო მონაცემებით, 4.5 პროცენტს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ის 1.5-ჯერ აჭარბებს. მიუხედავად ამისა, კობა გვენეტაძის უწყება ჯიუტად აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა...
ეროვნული ბანკის პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტია ინტერვენციები სავალუტო აუქციონზე. როგორც სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, ეროვნულ ბანკს მცირედი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რომ ეროვნულ ვალუტას მიხმარებოდა. მეტიც, ლარისთვის მძიმე პერიოდში სავალუტო ბაზრიდან 492 მილიონი დოლარი შეისყიდა, ხოლო კრიტიკულ მომენტში, როცა დოლარი თითქმის 3 ლარს გაუტოლდა, მოსახლეობის ძლიერი წნეხის ფონზე, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის მიზნით, 32.8 მილიონი დოლარი „გაისროლა“. ამ ღონისძიებას, ფაქტია, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც კი არ მოჰყვა შედეგი. ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ბანკის მესვეურები სარგებლობენ საზოგადოების ფინანსური განათლების დაბალი დონით, ყურადღება „სავალუტო ინტერვენციებზე“ გადააქვთ, პარალელურად კი სხვა ბერკეტებით ძირს უთხრიან ლარის სტაბილურობას. როგორც ბოლო პერიოდის პრაქტიკა გვიჩვენებს, რეალურად კობა გვენეტაძის უწყებას ერთი ხელით საფინანსო ბაზრიდან ლარი ამოაქვს, ხოლო მეორე ხელით ლარის უფრო მეტ მოცულობას უშვებს. ნათქვამის დასადასტურებლად აგვისტოს პირველი დღე გამოდგება, როცა ეროვნულმა ბანკმა 32.8 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან დაახლოებით 90 მილიონი ლარი ამოიღო, მაგრამ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების სახით თითქმის მილიარდ-ნახევარი ლარი გასცა, რითიც საფინანსო ბაზარზე 15-ჯერ მეტი მოცულობის ლარი გაუშვა. ეროვნული ბანკი ამერიკულ დოლარს სავალუტო რეზერვის შევსების მიზნით იძენს. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში ეს რეზერვი 912 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამისად, გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში ლარს თითქმის ერთი მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა. პროცესებზე დაკვირვებით ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ასკვნის, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი მხოლოდ სავალუტო ფონდის მიერ მონიშნულ ზღვრამდე რეზერვების შევსებაზეა ორიენტირებული და სხვა პრაქტიკულად არაფერი აინტერესებს. მათივე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება, თავისთავად, ურიგო საქმე არ არის, მაგრამ რეკომენდაციები უპირობოდ და უაპელაციოდ არ უნდა სრულდებოდეს.
როდესაც ქვეყანაში უცხოური გრანტისა თუ სესხის დიდი მოცულობა შემოდის, ბუნებრივია, მისი ლარში კონვერტაცია ხდება. ამ დროს კურსზე ზეწოლის პრევენციის მიზნით ეროვნული ბანკი ლარის ამოსაღებად ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით ოპერირებს. ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებითაც ორიგინალურობა გამოიჩინა. საფინანსო ბაზრიდან ეროვნული ვალუტის ამოღების ნაცვლად კომერციულ ბანკებს ლარი მიაწოდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ჯერ კიდევ პირველი ტალღიდან − 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როცა სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იყო, ლარის გაუფასურებასთან ერთად ეროვნული ბანკი ამცირებდა და ამცირებდა ფასიანი ქაღალდების მოცულობას და, ბოლო მდგომარეობით, ის 80 მილიონი ლარის დონეზეა.
ერთი სიტყვით, დასკვნა მარტივია: ეროვნული ბანკი საფინანსო ბაზარზე მიზანმიმართულად ამცირებდა დოლარის და ზრდიდა ლარის მოცულობას. შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსში დოლარის მუდმივი დეფიციტის გამო ლარი ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა.
მკითხველმა ახლა თავად განსაჯოს, ეროვნული ვალუტა ნეგატიურმა მოლოდინებმა და გარე ფაქტორებმა უფრო დააზიანა, თუ კობა გვენეტაძის უწყების პოლიტიკამ?!.