საპროცენტო განაკვეთები... ანუ რა ღირს ფული საქართველოში?

გამოწერა
გაიაფდა თუ არა კრედიტი საბანკო სექტორში, რა იკვეთება ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით და როგორ აისახა საბანკო რეგულაციები საპროცენტო განაკვეთებზე?

სამსონ ხონელი

ვარდობისთვის პირველ რიცხვებში გამკაცრებული საბანკო რეგულაციების პირველი ოთხი თვის შედეგებზე ვწერდი. ეროვნული ბანკისა და „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ახალ რეალობაშიც კომერციული ბანკების შემოსავლები თვიდან თვემდე ასეულობით მილიონი ლარით იზრდება და შესაბამისად იზრდება მოგებაც. გაზრდილია ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობა. მკითხველს ხაზგასმით მივანიშნე, რომ საბანკო სფეროს წარმომადგენელთა პესიმისტური მოლოდინები არ გამართლდა. მათი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებშიც კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი კი არ შემცირდა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა. კონკრეტულ ციფრებს აღარ მოვიყვან, დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია გაეცნოს 2 მაისის სტატიას „ოთხი თვის მონაგარი, ანუ საბანკო რეგულაციები ციფრებში...“ სამწუხაროდ, მაშინ საპროცენტო განაკვეთების კლებისა თუ მატების დინამიკას ჯეროვანი ყურადღება ვერ დავუთმე და „შეცდომას“ წინამდებარე სტატიაში გამოვასწორებ.

პენსიონერი ბაზარში - Sputnik საქართველო
უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა

მაშ ასე, როგორ შეიცვალა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები რეგულაციების ამოქმედების შემდეგ? ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რაც საშუალებას იძლევა ნათლად დავინახოთ, რა ტენდენცია დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხებზე წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა მარტის თვეში 12.5 პროცენტი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია.   

წლიური საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი შემცირდა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზეც და მიმდინარე წლის მარტის თვეში 15.7 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით, ხოლო თებერვალთან შედარებით 0.1 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის მარტში ეროვნული ვალუტით იურიდიულ პირებზე გაცემულმა სესხების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10.9 პროცენტი შეადგინა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლებია, თუმცა 0.2 პროცენტით გაზრდილია თებერვალთან შედარებით. ასევე შემცირდა ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი. კლება გასული წლის მარტთან შედარებით 2.1 პროცენტია, ხოლო თებერვალთან − 0.2 პროცენტი. აქვე უნდა ითქვას, რომ 2019 წლის აპრილში ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტით მოიმატა და 22.7 პროცენტი შეადგინა. უცხოურ ვალუტაში კი საპროცენტო განაკვეთი არ გაზრდილა. 

ლარი - Sputnik საქართველო
სანამდე დაეცემა ლარი... ანუ ისევ დაიწყო, აგული?!

მოგეხსენებათ, საკრედიტო პორტფელში საკმაოდ მაღალია დოლარიზაციის კოეფიციენტი და, ამდენად, საინტერესოა საპროცენტო განაკვეთის დინამიკა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მიმდინარე წლის მარტში 7.5-პროცენტიანი განაკვეთი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლებია, მაგრამ თებერვალთან შედარებით 0.1 პროცენტით გაზრდილია. იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა და 7.7 პროცენტი შეადგინა.

ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთმა 2019 წლის მარტში 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტით, ხოლო თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,78 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო ცხოვრების დონით ევროპას 14 წელში დაეწევა თუ...

ეროვნული ბანკის ეს მონაცემები მოიცავს როგორც საბანკო, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთების ანალიზს.

არ მინდა, რომ მკითხველი ციფრებით გადავღალო, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკას მიმდინარე წლის პირველი კვარტლის კონტექსტში განვიხილავთ და დავინტერესდებით, როგორ აისახა ახალი საბანკო წესების ამოქმედება უშუალოდ საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.  

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საბანკო სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.6 პროცენტს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები იყო. გასული წლის პირველ კვარტალში საბანკო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.7 პროცენტი იყო.

ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2019 წლის პირველ კვარტალში 16.5 პროცენტს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტით ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2019 წლის პირველ კვარტალში 7.9 პროცენტს შეადგენდა და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები იყო.

თი-ბი-სი ბანკი - Sputnik საქართველო
ოთხი თვის მონაგარი, ანუ საბანკო რეგულაციები ციფრებში...

სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებლების გაანალიზებით გამოიკვეთა საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია. ეს კი, ექსპერტთა შეფასებით, ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის აღება ნაკლები საპროცენტო ტვირთის პირობებში შეუძლია. თანაც თამაშის ახალი წესების დამკვიდრების პარალელურად გამოჩნდა, რომ მკაცრ რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში სესხების გაძვირება არ მოჰყოლია.

ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, საკრედიტო ბაზარზე სწორი თამაშის წესები დამკვიდრდა. ისინი მიანიშნებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ მაღალ საპროცენტო მარჟაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში ყოველი ათასი მოქალაქიდან 676-ს საბანკო ვალდებულება ჰქონდა, რაც რეალურ პირობას ქმნიდა საიმისოდ, რომ ეროვნულ ბანკს ახალი წესები დაედგინა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ბენზინი კვლავ ძვირდება: რატომ არის საქართველოში საწვავზე ფასები მსოფლიო რეალობას აცდენილი

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, გაიაფებული საკრედიტო რესურსი ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს. მართალია, ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით არ მიიღწევა და ეს მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი, მაგრამ ეს იაფი სესხი პირველ რიგში ბიზნესისთვის იქნება სტიმულის მიმცემი. დაბალი საპროცენტო ტვირთი განვითარების გაცილებით მეტ შანსს იძლევა. 

პირველი კვარტლის მონაცემების ანალიზი უკეთესი მომავლის იმედს აჩენს, მაგრამ ძნელია წინასწარ განჭვრიტო, როგორ განვითარდება მოვლენები, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, და საპროცენტო განაკვეთის როგორ თამასას დააწესებს საბანკო სექტორი...

ყველა ახალი ამბავი
0