ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს

გამოწერა
მხოლოდ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ახალი მოთამაშის შემოერთება, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სხვადასხვა ტიპის ლიანდაგების შემაერთებელი სადგური ახალქალაქში უნდა იყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია>>>

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფის კუთხით. გარდა ამისა, რუსეთის რკინიგზა პროექტის მონაწილეებს ახალქალაქიდან ყარსამდე ფართოლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სთავაზობს.

„ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და არსებობს სამ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია პრინციპები, რომლითაც ხორციელდება ეს პროექტი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის ლიანდაგის რკინიგზის შეერთება საბჭოური სტანდარტის ლიანდაგთან.

„ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს, ვინაიდან სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება", – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზა უფრო მეტ სატრანზიტო ტვირთს იზიდავს>>>

საქართველოს 1520 მილიმეტრი სიგანის ლიანდაგი რუსეთის იმპერიიდან და საბჭოთა კავშირიდან ერგო. ევროპული ლიანდაგის სიგანე კი 1425 მილიმეტრია. ამიტომ ქართული ლიანდაგების ევროპულზე მიერთების სადგური ახალქალაქში აშენდა.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ–ქართულ–თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სატვირთო გადაზიდვების გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრს შეადგენს.

ბაქო–თბილისი–ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0