თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა რუსულ კომპანია „გაზპრომთან" სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ რუსულ კომპანია „გაზპრომთან" მოლაპარაკებებს წარმატებული უწოდეს.
საქართველო და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ - შეთანხმების დეტალები>>>
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა, ქვეყანამ პირობების გაუმჯობესებას მიაღწია - ტრანზიტის საფასური გაიზრდება, ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი კი, თუ იგი საქართველოს დასჭირდება, შემცირდება. უკვე მრავალი წელია ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.
„როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ეს იყო რთული მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიღებდით გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკისთვის იყო საჭირო", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძემ, მისი მინისტრობის პერიოდში, 2017 წლის დასაწყისში „გაზპრომთან" ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მანამდე ქართული მხარე სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საფასურს გაზის სახით იღებდა. ახალი ხელშეკრულება ორ წელზე 2017-2018 - იყო გათვალისწინებული. პირველ წელს საქართველო ნაწილობრივ იღებდა ტრანზიტის საფასურს გაზის სახით, მეორე წელს კი გათვლები მთლიანად იყო მონეტიზებული.
„გაზპრომთან" მოლაპარაკებებს წარმატებული უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ამ შეთანხმებით ჩვენ მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი, როგორც ტრანზიტში, ასევე უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ იქნება აზერბაიჯანი. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულად დაცული იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც", – განაცხადა თალაკვაძემ.
2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული იყო 1,93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე კუბური მეტრის მიწოდებას ითვალისწინებს.