თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2018 წელს ექსპორტზე გაიტანა 148,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3,5-ჯერ აღემატება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, თითქმის მთელი ექსპორტირებული პროდუქცია რეექსპორტია, ანუ ხდება იმ პროდუქციის ექსპორტი, რომელსაც საქართველოში არ აწარმოებენ და ქვეყანაში შემოტანილია.
სიგარეტის წილი საქართველოს ექსპორტში 4,4%-მდე გაიზარდა (2017 წელს იყო 1,5%).
სიგარეტი საქართველოდან ძირითადად გადის აზერბაიჯანში. ამ ქვეყანაში გაიგზავნა 98 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი.
სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ასევე გაიზარდა სიგარეტის იმპორტი და 186 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 82%-ით ჭარბობს.
რეექსპორტის ძირითადი პროდუქციაა მსუბუქი ავტომობილები. 2018 წელს საქართველოში შემოიტანეს 598 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები (ზრდა წინა წელთან შედარებით – 25%), ხოლო ექსპორტმა 409 მლნ დოლარი შეადგინა (74%).