06:57 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ბათუმის პორტი

საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
167 0 0

საქართველოდან გადის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, მინერალური წყლები და სხვა პროდუქცია.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ქვეყნის საგარეო ბრუნვა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველომ 2018 წელს ყველა მაჩვენებლით მორიგი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წელს 22,9%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით და დაახლოებით 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე საანგარიშო პერიოდში შეადგინა დაახლოებით 2,3 მლრდ დოლარი, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.

იმპორტმა საქართველოში 2018 წელს შეადგინა 9,1 მილიარდზე მეტი – 14,9%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს შეადგინა დაახლოებით 5,8 მლრდ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 46,1%-ია.

რას ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 14,9%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 19,3%-ით, ფეროშენადნობების – 15,1%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 74,2%-ით, სიგარების, სიგარილის ან სიგარეტის – 251,4%-ით და სხვ.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წელს გაიზარდა 17,2%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 23,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 25,5%-ით და სხვა.

ამავე დროს, სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 1,8%-ით იკლო, ხოლო ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების – 6,3%-ით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის ბოლოსთვის არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 4,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,4%-ს შეადგენს.

ლიდერობს თურქეთი – საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წელს 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,6%-ია; სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 7,1%-ით გაიზარდა.

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 2018 წელს დაახლოებით 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა – 15,1%.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი – საგარეო ბრუნვამ აზერბაიჯანთან დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 8,7%-ია, ხოლო ზრდა – 31,8%.

საქართველო ასევე ვაჭრობს: ჩინეთთან (1 მლრდ დოლარზე მეტი), უკრაინასთან (690,6 მლნ დოლარი), სომხეთთან (627,4 მლნ დოლარი), აშშ-თან (519,6 მლნ დოლარი), გერმანიასთან (482,3 მლნ დოლარზე მეტი), საფრანგეთთან (307,5 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთთან (440,4 მლნ დოლარი).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 17,7%-ით მეტია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 730,3 მლნ დოლარი – 11,5%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – 2,6 მლრდ დოლარზე მეტი – 19,5%-ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 33% შეადგინა.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 4,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო 2018 წლის მაისში რეკორდული – 50,2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სამინისტროში ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის გასაღების ბაზრის გეოგრაფიის ზრდით.

საქართველო და ინდოეთი მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები