საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყანას იმისთვის სჭირდება, რომ ფინანსური პრობლემების, საგარეო შოკების ან ეკონომიკური კრიზისების დროს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა უზრუნველყოს, განმარტავს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები 2018 წლის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისინი მაინც არ არის განსაკუთრებულად დიდი, უფრო მეტიც, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს ქვეყანა ჯერ ვერ აკმაყოფილებს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერაბ ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, კარგია, რომ რეზერვები გაიზარდა და ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ამ თანხების ბაზრიდან ამოღების საშუალება ჰქონდა, რადგან ეს ეკონომიკაში პოზიტიურ პროცესებზე მიანიშნებს.
ასევე გასაგებია ეროვნული ბანკის სურვილი, გაზარდოს საერთაშორისო რეზერვები და მოიყვანოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომისტს არ მოსწონს, რომ ბანკი რეზერვის მოცულობას მხოლოდ ბაზრიდან დოლარის ამოღებით ზრდის.
„როცა ეროვნული ბანკი ბაზრიდან ხელოვნურად იღებს დოლარს, შესაბამისად, ჩვენ უკვე ვეღარ ვიგებთ ლარის რეალურ კურსს“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე დოლარი შეისყიდა ბოლო ორწელიწად-ნახევარში. რადგან ქვეყანას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს, ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს როგორც ლარის გამყარების, ასევე გაუფასურების შემთხვევაში. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების სხვა მრავალი მეთოდი არსებობს - ეროვნულ ბანკს შეუძლია ამ მიზნით თანხები სავალუტო ფონდიდან მოიზიდოს, ან ბანკებს გაუზარდოს მოთხოვნები დოლარში მოზიდულ სახსრებზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს სავალუტო აუქციონებზე 197,5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.
საბანკო პროდუქტების ექსპერტის დავით კიკვიძის განმარტებით, რეზერვის ადეკვატური დონე უნდა იყოს მინიმუმ ქვეყნის ბოლო სამი თვის იმპორტს დამატებული მომდევნი სამი თვის განმავლობაში მთლიანი საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განისაზღვრება ქულების მიხედვით.
„ქვეყნის ადეკვატური რეზერვების დონე საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით 1-1,5 ქულის ფარგლებშია. ჩვენ შემთხვევაში რეზერვის დონე უნდა იყოს 3,45 მლრდ, რათა ადეკვატურ დონეზე ვიყოთ. დღეს რეზერვების მოცულობა გვაქვს 3,28 მლრდ. შესაბამისად, სტანდარტამდე კიდევ გვიკლია“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.