ეროვნულმა ბანკმა უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი – 7%

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფლაციაზე გარე რისკების ზეგავლენის პროგნოზირების სირთულის გამო რეგულატორმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 7%-ის დონეზე უცვლელად დატოვების შესახებ, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ბერკეტს წარმოადგენს და ფინანსურ სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად მიიჩნევა.

ინფლაცია პროგნოზს ქვემოთ

„2018 წლის დასაწყისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, ძირითადად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ქვემოთ არის შენარჩუნებული. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე

მიმდინარე წლის ივლისიდან ეროვნულმა ბანკმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. მაგრამ, რეგულატორის შეფასებით, პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი რეგიონში არსებული შესაძლო რისკების გამო ნელი იქნება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, მართალია, რეგიონის ქვეყნებში მაკროეკონომიკური რისკები შემცირდა, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაურკვევლობა საქართველოში ინფლაციის პროგნოზირებას ართულებს.

„აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

„მაღალია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც, რაც მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს. წინასწარი შეფასების ინდიკატორები ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 25% შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკაა შენარჩუნებული ფულადი გზავნილების შემოდინებებშიც (წლიური ზრდა 16%).

არჩევნები ხელს არ უშლის: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაჩქარდა >>

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7% შეადგინა, ხოლო ათ თვეში – 5,1%. 2018 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5,6% იყო, ცხრა თვეში კი – 4,9%.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 30 იანვარს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0