კახა კალაძემ ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

© photo : Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროდუქტის შექმნა მთლიანად ქართული მასალებით მოხდება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ლილოში „იტონგის“ (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერი სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან და „არქი ჯგუფის" დამფუძნებელ ილია წულაიასთან ერთად გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ქარხანა პროდუქტს ქართული მასალებისგან დაამზადებს.

„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - ბლოკის ქარხნის მშენებლობა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველასთვის ცნობილი გერმანული ბრენდი „იტონგი“, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროდუქტის შექმნა მთლიანად ქართული მასალებით, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულით მოხდება“, - განცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიქმნება დაახლოებით 200-მდე სამუშაო ადგილი.

აღნიშნული პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო გაზობლოკების წარმოებას გულისხმობს.

სამუშაოები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობა 2019 წლის ივნის-ივლისში დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0