ლარი გამყარდა – ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს არჩევნების პერიოდში შექმნილი ვითარება.

თბილისი,  9 ნოემბერი  — Sputnik. პარასკევის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა და  დოლარის  მიმართ  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,722 GEL/$1  შეადგინა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 11 სავალუტი აუქციონი გამართა, რომლებზეც 122,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა.

ეროვნული ბანკის მიერ შაბათისთვის დადგენილი ოფიციალური კურსი 2,7146 GEL/$1–ს შეადგენს, რაც პარასკევთან  შედარებით,  0,0359 ლარით მაღალია.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

თვეზე მეტია ლარი ყოველდღიურად უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის 8 ნოემბერს დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2, 7656 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს – 2,8 ლარამდე.

ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს არჩევნების პერიოდში შექმნილი ვითარება. ეროვნულმა ბანკმა საჯარო პირებს მოუწოდა თავი შეიკავონ „ლარის კურსთან მიმართებით უსაფუძვლო განცხადებებისგან“.

ეროვნული ბანკის განცხადებას დაეთანხმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს იმისა, რომ ლარის დევალვაცია იყოს. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო  განცხადებებმა შეუწყოს ხელი. აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და პოზიციებს მოვუსმინოთ, რომლებიც თვალს ადევნებენ პროცესებს“, განაცხადა პრემიერმა.



ყველა ახალი ამბავი
0