თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ, წინასწარი მონაცემებით, 2% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
მიმდინარე წლის რვა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა.
ზრდა 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ფინანსური, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.
„პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29 პროცენტი შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22 პროცენტით გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი)", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მასალებში.
ამას გარდა, ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების გათვალისწინებით, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში გადახედა ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4,5%-დან 5,5%-მდე. აგვისტოში ქვეყანაში მშპ-ის ზრდის პროგნოზს 2018 წელს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 4,8%-დან 5,5%-მდე, რადგან საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო.