თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2019 წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საზღვაო გადაზიდვებით და ამ სფეროში სერვისების მიწოდებით არიან დაკავებული, დიდ საგადასახადო შეღავათებს დააწესებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე.
გაძვირებული ცხოვრება და საშემოდგომოდ დათვლილი სიღარიბე…>>>
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში ზედიზედ მესამე წელია ტარდება. ღონისძიების მიზანი საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონის პოპულარიზება და საზღვაო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
პრემიერის სიტყვებით, ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება აჭარის მთავრობასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ უკვე მომავალი წლიდან იმ კომპანიებმა, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებული, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ.
„ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მან ასევე აქცენტი გააკეთა ეროვნული წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე.
„ექსპორტის ზრდისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული წარმოების განვითარება და ამ ნაწილში ტრანსპორტს განსაკუთრებული და უნიკალური ადგილი უკავია", — განაცხადა ბახტაძემ.
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?>>>
საქართველოში 1 ივლისიდან ლოიალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს, რომლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 5%-სა.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1 ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის წლიური შემოსავალი 500 ათას ლარს არ აღემატება, ნაცვლად დღემდე არსებული 100 ათასი ლარისა. თუ აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ შემოსავალი 500 ათას ლარს გადააჭარბებს, პირს მცირე მეწარმის სტატუსი 2 კალენდარული წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.