თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1 888,8 მილიონი აშშ დოლარი, რაც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს 1,4%-ით აღემატება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ვებგვერდზე განთავსებული მასალებში.
საქართველოში ინვესტიციები შემცირდა >>
განახლებული მონაცემებით, 2017 წელს ინვესტიციების მოცულობა 2016 წელთან შედარებით 20,6%-ით გაიზარდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობიდან რეინვესტირებულია 34,9% — 658,6 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ლიდერები არიან აზერბაიჯანი (465,1 მილიონი დოლარი), ნიდერლანდები (356,7 მილიონი დოლარი) და თურქეთი (286,3 მილიონი დოლარი). ამ ქვეყნების დაბანდებების წილი მთლიანი ინვესტიციების 58,7%-ს შეადგენს.
ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული სფეროებია ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და მშენებლობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სამივე დარგში მთლიანი ინვესტიციების 57% შეადგინა.
მანამდე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ 2017 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს — ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.