თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საინჟინრო საზღვაო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება, იუწყება ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.
სამუშაოებს რთული და ხანგრძლივი ტენდერის შედეგად შერჩეული, ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი აწარმოებს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, Van Oord-ი ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება და მნიშვნელოვან ინვესტიციასაც განახორცილებს.
კომპანია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ გემ „ათენას“ შემოიყვანს, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებას დაიწყებს. სპეციალისტები ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშას ამოიღებენ და ნაპირზე განათავსებენ.
„ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს, რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს“, — განაცხადა კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა.
მისი თქმით ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას.
„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა“ —განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიური კომპანიის მიერაა შესრულებული ისეთი პროექტები, როგორებიცაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის მშენებლობა, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
პირველ ეტაპზე, ანუ 3-4 წლის განმავლობაში პორტი 900 ათას კონტეინერს მიიღებს წელიწადში, ხოლო მეორე ფაზის ბოლოს, 2030 წლისთვის — 14 მლნ ტონა ტვირთს.
კონსორციუმის მონაცემებით, განვითარების ცხრავე ფაზის გავლის შემდეგ, რასაც დაახლოებით 50 წელის დასჭირდება, პორტი ყოველწლიურად 100 მლნ ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ პორტის მიმდებარეს იგეგმება ქალაქის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების აგება.