თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის" საინვესტიციო ჯამური ღირებულება 7 მლნ 500 ათასი ლარია და მისი მშენებლობა სახელმწიფო პროფრამა „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და საქართველოს ბანკის პარნტიორობით განხორციელდა. სასტუმრო კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი. ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. მისი განხხადებით, სახელმწიფომ ასევე უნდა იფიქროს კახეთში არსებული რკინიგზის აღდგენაზეც.
„ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს“, — განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ისაუბრა ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე და ქვეყნის პოტენციალზე ამ კუთხით.
„გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი საქართველოში და ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა თუშეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ.
„თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს“, — გამაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.