13:02 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ეროვნული ვალუტა

რამ გამოიწვია ლარის კურსის მყისიერი გაუფასურება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (118)
55 0 0

ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ლარის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის მოკლევადიან გაუფასურებას ფუნდამენტურ ფაქტორებს ვერ მივაწერთ, მიაჩნია პაატა ბაირახტარს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბოლო სამი კვირის მანძილზე ლარი თითქმის 17 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.65 ლარს მიაღწია, რაც ცხადია არ შეიძლება ჩაითვალოს სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ პროცესად, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ბრიფინგზე.

„თუ ფუნდამენტურ და საგარეო ფაქტორებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ლარის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის მოკლევადიან გაუფასურებას ფუნდამენტურ ფაქტორებს ვერ მივაწერთ. ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ საშინაო და ფსიქოლოგიური მომენტები, რითაც შეიძლება აიხსნას ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა. 

ანალიტიკოსის თქმით, თუ ქრონოლოგიურად გავყვევბით ეროვნული ვალუტის ქცევას, დავინახავთ, რომ ლარმა გაუფასურება ოქტომბრის თვიდან დაიწყო, ანუ მაშინ, როდესაც მთავრობამ გაასაჯაროვა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომავალი წლის ბიუჯეტში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.50- ზეა გათვლილი. ეს გარკვეულწილად აღმოჩნდა სიგნალი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომ მათ ეროვნული ვალუტა დაეკონვერტირებინათ უცხოურ ვალუტაში იმდენად, რამდენადაც თუ თავად მთავრობა მომავალ წელს ლარს 2.5 ნიშნულთან მოიაზრებს, ცხადია უფრო ნეგატიური მოლოდინი შეექმნა კერძო სექტორს. აღნიშნულ პროცესებს მალე მოყვა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, რა დროსაც, ცხადია, მოხდა მიმოქცევაში დიდი ოდენობით ლარის მასის ჩაშვება, რომელიც დამატებით ტვირთად დააწვა კურსს.

„აღსანიშნავია ასევე, სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც არასწორი და მცდარი მოლოდინების შექმნით, ზრდიდნენ პანიკურ ფონს საზოგადოებაში. ეს კი კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას კურსზე. აღნიშნულ პროცესებს მუდმივად თან სდევს ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც არსებობს ეკონომიკურ გუნდს, ცენტრალურ ბანკსა და საზოგადოებას შორის, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს სავალუტო ბაზარზე მცდარი მოლოდინების დანერგვას. სწორედ აღნიშნული პროცესების ერთობლიობამ გამოიწვია კურსის მყისიერი გაუფასურება დროის მოკლე პერიოდში", — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

პაატა ბაირახტარის აზრით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მონეტარულმა და ფისკალურმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დოლარიცაციის მაღალი კოეფიციენტი საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ქმნის პრობლემებს და ეს პირველ რიგში მოსახლეობის და ბიზნეს- სუბიექტების იმ კატეგორიას აზარალებს, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს საბანკო ვალდებულებები. მთავრობამ ან უფრო მეტი მასტიმულირებელი მექანიზმები უნდა აამოქმედოს ლარიზაციის მიმართულებით, რათა კურსის ცვლილებასთან მიმართებით ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი გახდეს, ან ეროვნულმა ბანკმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, არ მისცეს ლარის კურსს გაუფასურების მეტი შესაძლებლობა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (118)

მთავარი თემები