თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. რაც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით", — აღნიშულია უწყების ვებ-გვერდზე.
დეპარტამენტის ცნობით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს მონაკვეთი სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გატარებას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14,4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები უკვე გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა.
პროექტი 2018-2020 წლებში უნდა განხორციელდეს.