თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ქვეყანა, განაცხადა ეკონომისტმა, პროექტის "ქართული ეკონომიკური საოცრება" ავტორმა პაატა გიორგაძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, რომელიც მიეძღვნა თემას "საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება".
პროექტზე "ქართული ეკონომიკური საოცრება" პაატა გიორგაძე 2003 წლიდან მუშაობს. მისი გათვლებით, ამ ეტაპზე ქვეყანას წელიწადში 50 მილიონი ტონა სასმელი წყლის გატანა და გაყიდვა შეუძლია საცალო ფასით: ერთი ლიტრი – 24 ცენტი. გაყიდული საქონლის ყოველწლიური შემოსავალი 12 მლრდ აშშ დოლარი იქნება.
"ეს (წყალი) მსოფლიო მნიშვნელობის რესურსული პოტენციალია. სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველო სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოების ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა უნდა გახდეს, რომელიც მზა პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე გაიტანს. ამ შესაძლებლობას რესურსის მაღალი პოტენციალი და მაღალი ხარისხი იძლევა", — განაცხადა პაატა გიორგაძემ.
საქართველოს წყლის დიდი მარაგი გააჩნია, რომელიც ადვილად ივსება. საქართველოს ტერიტორია შესაძლებლობას იძლევა, წამში 301 კუბური მეტრი სასმელი წყალი იყოს ამოღებული. პროექტის მიხედვით, ამ საერთო რაოდენობიდან ქვეყანას ამჟამად წამში 2 კუბომეტრი წყლის ბოთლებში ჩამოსხმა და გაყიდვა შეუძლია. ასეთი რაოდენობის გატანილ წყალს მსოფლიოს მოსახლეობის წყლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია.
"წყალი ყველას სჭირდება. საქართველოს მტკნარი წყლის სახით უზარმაზარი კაპიტალი აქვს. წარმოიდგინეთ, ასობით მილიარდი დოლარი რომ გქონდეთ საცავში. გახსნით საცავის კარს, აიღებთ ფულს, ხოლო ნახევარ საათში საცავიდან აღებული ფული აღდგება", — აღნიშნა გიორგაძემ.
მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ ამ დარგის წამყვანი მეცნიერები ზაურ ციხელაშვილი და ირაკლი მიქელაძე.
ზაურ ციხელაშვილმა, თავის მხრივ, მსოფლიოში წყლის რესურსების არათანაბარი განაწილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო უნიკალური ქვეყანაა.
"წყლის რესურსები მსოფლიოში არათანაბრად არის განაწილებული. არის უდაბნოები, არის წყლით მდიდარი ადგილები, როგორიც, მაგალითად, საქართველოა. ამას მეტი ყურადღება, გონივრული გათვლა სჭირდება. ვიტყოდი, რომ წყალი სტრატეგიულ რესურსად უნდა გამოცხადდეს, რადგან დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 სასმელი წყლის უკმარისობას განიცდის. ეს მწვავე დეფიციტი მომავალში კიდევ გაღრმავდება", — განაცხადა ციხელაშვილმა.
ქართული სასმელი წყლის მაღალი ხარისხი განპირობებულია ქვეყნის მდიდარი მცენარეული საფარით, აღნიშნა პროფესორმა ირაკლი მიქელაძემ.
"ის, რომ მიწისქვეშა წყლები ასეთი სუფთა და კარგი ხარისხისაა, იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს მცენარეული საფარი საკმაოდ მდიდარია. 40-იან წლებში ტყით საქართველოს ტერიტორიის 36% იყო დაფარული, ხოლო 90-იან წლებში ეს მაჩვენებელი 41,5%-მდე გაიზარდა", — განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.
"საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 22 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მინერალური წყალი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3,9%-ით მეტია.
ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მინერალური წყლების წარმოება კერძო ბიზნესია, ხოლო ჩვეულებრივი სასმელი წყლის წარმოებით სახელმწიფო უნდა დაკავდეს და ის ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრედ უნდა აქციოს, რათა ექსპორტიდან მიღებული მოგება საქართველოს თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს.