თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით ესტონეთში მარკეტინგულ და პიარ-კამპანიებს პირველად გამართავს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესტონეთის ტურიზმისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა.
„ესტონეთი ერთ-ერთია იმ ახალ სამიზნე ქვეყნებს შორის, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ვგეგმავთ. რეგიონისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და, ვფიქრობთ, ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოების შემთხვეევაში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ აჭარაში მოგზაურობით“, – აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნონა მარკარიანმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მასშტაბურია. აჭარა გამოფენაზე ცალკე სტენდით იყო წარმოდგენილი.
კულინარიული მასტერ-კლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის განმავლობაში რეგიონში ტურისტების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,5%-ით გაიზარდა. იანვარ-ოქტომბრის თვის პერიოდში რეგიონს 295,2 ათასი უცხოელი ესტუმრა.