ოზურგეთის თეატრი სეზონს ახალ შენობაში გახსნის

© courtesy of Ozurgeti Drama Theaterოზურგეთის თეატრი
ოზურგეთის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ახალ სეზონს ოზურგეთის თეატრი შვიდი პრემიერით ხვდება, სეზონის გახსნას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე თეატრალურ სეზონს გარემონტებულ შენობაში გახსნის – 14 მაისს დასი მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ პრემიერით წარდგება.

ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელიც 1961 წელს გაიხსნა, საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბურია (ხუთსართულიანი შენობის საერთო ფართობი 7 ათასი კვადრატული მეტრია). მნიშვნელოვანმა არქიტექტურულმა ობიექტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო და ის ოზურგეთის სავიზიტო ბარათად ითვლება.

თეატრის შენობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა. სარესტავრაციო სამუშაოებზე 20 მლნ ლარი დაიხარჯა. თეატრის განახლებული შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკური ბაზით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

© Courtesy of Ozurgeti Drama Theaterოზურგეთის ახალი თეატრი
ოზურგეთის თეატრი სეზონს ახალ შენობაში გახსნის - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ოზურგეთის ახალი თეატრი

„თეატრს აქვს კეთილმოწყობილი სარეპეტიციო ოთახები, საგრიმიოროები, რადიოთეატრისთვის სპექტაკლების ჩასაწერად თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რადიოსტუდია, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, სამუზეუმო ოთახი, სამკერვალო, სადეკორაციო სახელოსნო და სხვ.“ – აღნიშნულია თეატრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

153-ე სეზონისთვის ოზურგეთის თეატრმა შვიდი საპრემიერო დადგმა მოამზადა. გახსნის დღეს მაყურებელი იხილავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს „მონატრება - ნუ გააღვიძებ“. მომდევნო დღეებში წარმოდგენილი იქნება ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით), ელენე მაცხონაშვილის თოჯინების სპექტაკლი „დონ კიხოტი“, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით), ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია) და მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია).

ყველა ახალი ამბავი
0