თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 22-24 აპრილს მეოთხე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 14 ქვეყნის 34 მეცნიერი.
წელს კონფერენცია ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, დირიჟორის, საზოგადო მოღვაწის, პედაგოგისა და კონსერვატორიის რექტორის - ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნება.
კონფერენციის თემატიკა იქნება ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება, მოღვაწეობა. კონფერენცია სამ პრობლემას შეეხება. ესენია: ეროვნული საკომპოზიტორო სკოლები, კულტურის მეხსიერება და მულტიკულტურალიზმი მუსიკაში.
კონფერენციის ძირითადი მომხსენებელია პროფესორი კრისტოფერ დინგლი, რომელიც ისაუბრებს მესიანის (ფრანგული) ინტერნაციონალიზმის შესახებ. კონფერენციის შემაჯამებელი „მრგვალი მაგიდა“ კი მიეძღვნება სამუსიკო განათლების პრობლემებს პოსტ-COVID პერიოდში.
ღონისძიება ონლაინ–რეჟიმში გაიმართება, სადაც მონაწილეები დისტანციურად დაესწრებიან სამეცნიერო სესიებსა და „მრგვალი მაგიდის“ დისკუსიებს. ასევე კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის მანოლის (ემანუილ) ვლიტაკისის ვორქშოპი კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებისთვის და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის ბეატა ბოლესლავსკა-ლევანდოვსკას ლექცია „შოპენი მე-20 საუკუნის პოლონელი კომპოზიტორების შემოქმედებასა და მუსიკაში“.
კონფერენციის მიზანია თანამედროვე მუსიკოლოგიის პრობლემატიკის განხილვა, მუსიკოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება და განსხვავებული ტრადიციების მქონე სამეცნიერო სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარება.
ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა>>
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და მუსიკოლოგიური კონფერენციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდებზე, ლაივ ფორმატში გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია 2015 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ტრადიციულად რამდენიმე ტიპის აქტივობას აერთიანებს. ესენია: სამეცნიერო სესიები, უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ლექციები და მასტერ-კლასები სტუდენტებისთვის, თემატური კონცერტი და კულტურული პროგრამა.