19:10 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (130)
1382 0 0

ქართული კინო - ფენომენი, რომლის ყურებაც ყოველთვის შეიძლება. იუმორი, ტრაგედია, დანაკარგი და სიხარული - ასე შეიძლება ქართული ფილმებისა და გასული 2020 წლის დახასიათება

Sputnik-საქართველოს სურს, მკითხველს მოუთხროს გასული წლის ყველაზე გამორჩეული ქართული ფილმების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, გამოვტოვეთ.

„დასაწყისი“

ტრადიციისამებრ, საუბარს ვიწყებთ ფილმით, რომელიც წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიაზე „2021 წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში საქართველოს სახელით.

ესაა ფილმი „დასაწყისი“, რომელსაც 2020 წელს საერთაშორისო კინოფესტივალებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის. მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს. 

„მოთვინიერება“

ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ახალი ფილმის პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ნამუშევარი წარდგენილია დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition). სურათს ორჯერ - 31 იანვარს და 2 თებერვალს - აჩვენებენ.

Кадр из фильма Укрощение Саломе Джаши
Courtesy of Georgian National Film Center
კადრი ფილმიდან „მოთვინიერება“

„მოთვინიერება“ - ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

Sundance-ზე უკვე შეაქეს დოკუმენტური ფილმი „გასაოცარი კინემატოგრაფიული სტილისთვის“, მისი რეჟისორი კი - ჟან რუშის და ნიონის კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი - „გამჭრიახობისა და დაკვირვებისათვის“. ამიტომ წარმატებული საფესტივალო ცხოვრება მას ჯერ კიდევ წინ აქვს.

„ბოცვრის თათი“

სიაში მომდევნო ადგილი უჭირავს ნანა ჯორჯაძის სრულმეტრაჟიან სურათს - „ბოცვრის თათს“. ესაა სამი ქვეყნის - რუსეთის, ფინეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარი. ფილმში მონაწილეობენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი. სიუჟეტის ცენტრშია „პერესტროიკა“, ადრეული 1990-იანი წლები. მთავარი გმირები არიან ნიკა - ფრანგი არქიტექტორი, და ალია - საბჭოთა ინტელიგენტი, რომელთა შეხვედრაც ორივეს ცხოვრებას ცვლის.

ფილმი დადებითად შეაფასეს რუსეთის ფესტივალ „ამურის შემოდგომაზე“. მან მიხეილ კვირიკაძის საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის პრიზი დაიმსახურა.

„მკვდარი სულების არდადეგები“

„მკვდარი სულების არდადეგები“ - არის ქართველი რეჟისორის, ეკატერინე ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ესაა რეჟისორისა და ქართული პროდიუსერული კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ნამუშევარი.

Dead Souls' Vacation (Teaser) - Kitchen Scene from Parachute Films on Vimeo.

ფილმი მოგვითხრობს 45 წლის ლევან სვანიძის, ქართველი მუსიკოსის ცხოვრებაზე. ის 90-იანების ალტერნატიული ქართული სცენის წარმატებული მუსიკოსია. ცხოვრობს ხანდაზმულ დედასთან ერთად თბილისის გარეუბანში, 14 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში. მიუხედავად მარტოობისა, ლევანი არ კარგავს იმედს და ცდილობს თავის დამკვიდრებას, პირადი ცხოვრების აწყობას. დედის მთავარი ამოცანა კი არის ლევანის დაცვა გარესამყაროს „საფრთხეებისგან“.

ფილმში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკა, დაწერილი სურათის მთავარი გმირის, ლევან სვანიძის მიერ. იგი მას ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. ფილმში ისმის ქართული პოსტპანკ ჯგუფ „წერილის“ მუსიკა, რომელშიც სვანიძე 1995 წლიდან ბასგიტარაზე უკრავს.

„მიტოვებული სოფელი“

ჩამონათვალს დავასრულებთ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმით „მიტოვებული სოფელი“. ესაა უჩვეულო მულტფილმი თავისი ფორმატით, 14 წუთში ფილმში კადრები ერთმანეთს არ ენაცვლებიან, არამედ ბუნებაში ცვლილებები ნაჩვენებია გრადაციების ჩანაცვლებით. ერთი სიტყვით - თავად უნდა ნახოთ!

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული. 

„მიტოვებული სოფელი“ უკვე ნახეს სლოვენიასა და იაპონიაში. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოც კი დაიმსახურა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჰოკაიდოში.

თემები:
ქართული კინო (130)

მთავარი თემები