ქართველი პიანისტი ლისტის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

გამოწერა
გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზსა და 2021 წლის შემოდგომაზე ვაიმარში, უტრეხტში, ბაიროითსა და ბუდაპეშტში ოთხი კონცერტის გამართვის შესაძლებლობას.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო ონლაინ–კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

ლისტის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული კონკურსია. ის ასევე ცნობილია პროფესიული მხარდაჭერით, რომელსაც ორგანიზაცია თავის ლაურეატებს სთავაზობს.

ხატია ბუნიათიშვილმა შვეიცარიაში ფურორი მოახდინა>>

ღონისძიება მთლიანად ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებებს ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 29 წლამდე პიანისტებს შეუძლიათ.

წელს კონკურსი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ ფორმატში გაიმართა და გამარჯვებულებიც კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსმენელის მიერ ონლაინ კენჭისყრით გამოავლინეს.

ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე სწორედ ამგვარად გახდა ონლაინ–აუდიტორიის პრიზის მფლობელი. თამთამ 1 395 მსმენელის ხმა მიიღო, რაც მეორე ადგილზე გასული იტალიელი ლეონარდო პიერდომენიკოს ხმების რაოდენობაზე 600-ით მეტია. მესამე ადგილი ჩეხმა მატიაშ ნოვაკმა დაიკავა.

პრიზის სახით თამთა მაღრაძე 1 ათასი ევროს სახით ფულად პრიზს მიიღებს და ასევე 2021 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გამართავს ოთხ კონცერტს ვაიმარში, უტრეხტში, ბაიროითსა და ბუდაპეშტში.

თამთა მაღრაძე 25 წლისაა. ის უკვე მეოთხე წელია ვაიმარის (გერმანია) მუსიკის უმაღლეს სკოლაში სწავლობს. პანდემიამდე ის კონცერტებს მართავდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0