ნარიყალა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევიდა

გამოწერა
პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ის გრანტი 10 ათასამდე ევროს ოდენობით.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა, იუწყება დედაქალაქის მერია.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები. 

ტფილისიდან თბილისამდე - Sputnik საქართველო
ტფილისიდან თბილისამდე: ქალაქური უბნების სახელწოდებების ისტორია

ნარიყალასთან ერთად, აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

„თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ისე მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

2021 წლის მარტში გამოცხადდება განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ის გრანტი 10 ათასამდე ევროს ოდენობით. იგი, შესაძლოა, გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 გამარჯვებულ ობიექტს, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადასარჩენად. 

ბორჯომის პარკი - Sputnik საქართველო
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს Europa Nostra ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0