02:58 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (116)
67 0 0

ფესტივალი „სანდენსი“  აშშ-ის საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 40 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ პრემიერა გაიმართება Sundance-ის საერთაშორისო ფესტივალზე, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„სანდენსის“ ფესტივალი (Sundance Film Festival) — აშშ-ში დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩვენებაა. ის 1978 წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა რობერტ რედფორდმა დააარსა და მას მიენიჭა რედფორდის გმირის სახელი ვესტერნიდან „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“. წლების განმავლობაში Sundance-ის კინოფესტივალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ დამოუკიდებელ ფილმებს აცნობს. Sundance-ის ფესტივალს უკავშირდება ასევე არაერთი გამორჩეული რეჟისორის, ოპერატორისა თუ კინოვარსკვლავის აღმოჩენა. 

 

წელს ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს სრულიად გამორჩეულ თავგადასავალს ჰპირდებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა შერეული ფორმატით (ონლაინ და ოფლაინ) გაიმართება. კინოფესტივალის ფარგლებში 29 ქვეყნის 72 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება იგეგმება.

ქართველი რეჟისორის ფილმი კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition) იქნება წარმოდგენილი. ფილმის ჩვენება 31 იანვარს და 2 თებერვალს გაიმართება.

„მოთვინიერება“ ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება. დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემებთან და ღირებულებებთან კონტრასტში ჰყვება ისტორიას გავლენიან კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს და საკუთარ კერძო ბაღში ეზიდება. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

სალომე ჯაში 1981 წელს ბათუმში დაიბადა. რეჟისორი ბერლინში ცხოვრობს. მისი ბოლო ფილმი „დაისის მიზიდულობა” (2016) რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმები „დაისის მიზიდულობა” და „ბახმარო” წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-თან თანამშრომლობით. „ბახმარო” ასევე წარდგენილი იყო აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის პრემიაზე.

თემები:
ქართული კინო (116)

მთავარი თემები