11:00 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

ამ მომენტისთვის „ევროვიზია 2021“-ის ჩატარების შესაძლო ოთხი სცენარი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2021“-სთვის მისი მონაწილეები საკუთარ სიმღერას ჩაწერენ ფორსმაჟორული ვითარებისთვის, რათა თუ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ისინი ვერ შეძლებენ როტერდამში ჩასვლას, კონკურსში საკუთარი მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდეთ, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.

„ევროვიზია 2021“-ის ორგანიზატორებმა ადრე განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული ნახევარფინალების წილისყრის შედეგებს შეინარჩუნებენ.

„კონკურსის მოახლოებასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას მომავალი წლის კონკურსში მონაწილეები. თითოეული ქვეყნის მაუწყებელი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის ცოცხალ შესრულებას გადაიღებს იმ შემთხვევისთვის, თუ იგი კორონავირუსის გამო ვერ შეძლებს როტერდამში ჩამოსვლას ან მას საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღინიშნება, რომ კონკურსში მონაწილე ყველა მაუწყებელს შესთავაზებენ – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის ცოცხლად შესრულება სტუდიაში ჩაწერონ. ჩანაწერი კონკურსის დაწყებამდე გაიგზავნება. ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი უნდა იყოს უნიკალური, მაყურებლის გარეშე და 2021 წლის მაისში დაგეგმილ კონკურსამდე არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ორგანიზატორების თქმით, გამოსვლის ძველ ფორმატთან ერთად, კონკურსანტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის მხატვრული თავისუფლება, შემოქმედება, ამბიცია და სტილი. თუმცა, გადაღებისას ვირტუალური რეალობის, დრონებისა და სხვა ვიზუალური ეფექტების გამოყენება აკრძალულია.

ჩანაწერის გაკეთება ნებადართულია სამ დუბლად, ამისთვის 60 წუთია განსაზღვრული, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვარიანტი გაიგზავნოს კონკურსზე. ამასთან, გადაღების პროცესს პირდაპირი კავშირით თვალი უნდა ადევნონ კონკურსის ორგანიზატორების წარმომადგენლებმა.

როგორც ადრე ორგანიზატორები აცხადებდნენ, ამ მომენტისთვის „ევროვიზია 2021“-ის გამართვისთვის შესაძლო ოთხი სცენარი განიხილება – როგორც ჩვეულებრივი ფორმატით, ისე შეზღუდვების სხვადასხვა ვარიანტები. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტით ჩატარდება კონკურსი, მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

მთავარი თემები