03:36 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (98)
111 0 0

საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ კინემატოგრაფისტები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „თვითმკვლელთა რაზმი“, „ტრანსფორმერები“, „ერთხელ ჰოლივუდში“

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. ჰოლივუდის კინოსტუდია Universal Studios კვლავ დაინტერესდა კინოწარმოებით საქართველოში - სექტემბერში ქვეყანას ესტუმრებიან პროფესიონალი ლოკაციების ექსპერტები და მენეჯერები, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

თბილისში „ფორსაჟის” სცენების გადაღების შემდეგ, თბილისში აპირებენ ჩამოსვლას გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ცნობილ ფილმებზე როგორებიცაა: „თვითმკვლელთა რაზმი“ (The Suicide Squad), „კაპიტანი მარველი“ (Captain Marvel), „შავი პანტერა“ (Black Panther), „ტრანსფორმერები“ (Transformers“,„რკინის კაცი“ (Iron Man), „მეფე ლომი“ (The Lion King), „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time… In Hollywood), „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (Pirates of the Caribbean), „მისტერ და მისის სმიტები“ (Mr. & Mrs. Smith), „შეუსრულებელი მისია“ (Mission: Impossible), „იქს-მენი“ (X-Men) და სხვა.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „საქართველოს კინოკლასტერის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

როგორც კინოცენტრში იუწყებიან, ლოკაციის მენეჯერები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი დაათვალიერებენ გადაღებებისთვის საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით.

სტუმრებისთვის მომზადებული ტური 14 – 18 სექტემბერს მოეწყობა. ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე Universal Studios-ის წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში სულ გაფორმებულია 30 პროექტის განხორციელების ხელშეკრულება, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15 795 დროებითი სამუშაო ადგილი, აცხადებენ ცენტრში.

თემები:
ქართული კინო (98)

მთავარი თემები