მოსკოვში გია ყანჩელის ხსოვნის კონცერტი გაიმართება

გამოწერა
კონცერტის მთავარი ნაწილი მაესტროს „შემოქმედებითი ანდერძი“ გახდება – „მინიატურები კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის – თეატრისა და კინოს მუსიკა“.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქართველი საკულტო კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი მოსკოვში 2020 წლის 2 ოქტომბერს კლასიკური მუსიკის ფესტივალ–სეზონის Musica Al Dente ფარგლებში გაიმართება.

გია ყანჩელი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს>>

„საკონცერტო სერიას ვიწყებთ კონცერტით, რომელიც საოცარი, განუმეორებელი კომპოზიტორისა და მშვენიერი, სუფთა ადამიანის გია ყანჩელის 85 წლისთავს ეძღვნება. კონცერტის ცენტრალური ნაწილი გახდება ნაწარმოები „მინიატურები კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის – თეატრისა და კინოს მუსიკა“, რომელიც ოსტატის „შემოქმედებით ანდერძს“ წარმოადგენს. აქ შეკრებილია მისი „გამოყენებითი მუსიკა“ – საუკეთესო თემები ფილმებისა და თეატრალური დადგმებისთვის, რომლებიც ყველამ მშვენივრად ვიცით“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

კონცერტი გაიმართება მოსკოვის დარბაზ „სობორნაია პალატაში“ (Соборная Палата) და მასში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან პიანისტი პოლინა ოსეტინსკაია, კლარნეტისტი იულიან მილკისი და ალტისტი მაქსიმ ნოვიკოვი – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ყანჩელის მუსიკასთან ერთად საღამოზე აჟღერდება მოცარტის Kegelstatt – ტრიო მი-ბემოლ მაჟორი კლარნეტის, ალტისა და ფორტეპიანოსთვის და შუმანის Märchenerzählungen – 4 პიესა კლარნეტის, ალტისა და ფორტეპიანოსთვის.

მრავალფეროვანია გია ყანჩელის შემოქმედება. მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.) და სხვ.

ვენა - Sputnik საქართველო
საშობაო კონცერტი ვენაში გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა

ყანჩელს ეკუთვნის მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III" (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში", „ქინ–ძა–ძა“ და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია, ვოლფის პრემია ხელოვნებაში, არის საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, „სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი გასული 2019 წლის 2 ოქტომბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0